რუსეთმა სატვირთო ავტომობილებისთვის ზემო ლარსზე საზღვრის გადაკვეთის ელექტრონული რიგის სისტემა შესაძლოა, 2025 წელს შემოიღოს.
ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ვალენტინ ივანოვმა განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.
საქართველოსთან ერთად ელექტრონული რიგის სისტემა, ასევე, ლატვიის საზღვარზე, “ბურაჩკის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაინერგება.
„ელექტრონული რიგის შემოღება მიზანშეწონილია იქ, სადაც არის ან შეიძლება, იყოს საცობები და ყველგან მისი დანერგვა საჭირო არ არის. რეალიზებას “ბურაჩკისა” და ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, რომ მის განხორციელებაზე 2025 წელს გადავიდეთ,” – აცხადებს ივანოვი.
ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ახალი სისტემა მძღოლების ლოდინის დროს, მინიმუმ, 25%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში კი 1-5 დღიდან 1 საათამდე შეამცირებს. შესაბამისად, შემცირდება გადამზიდველების ხარჯიც.
ცნობისთვის: 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან რუსეთმა სატვირთო ავტომობილებისთვის საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის დაჯავშნის სერვისი ყაზახეთთან საზღვრის “ბუგრისტოეს” საავტომობილო გამშვებ პუნქტებზე, ასევე, ჩინეთთან საზღვრის “ზაბაიკალსკისა” და ლიეტუვასთან საზღვრის “ჩერნიშევსკოეს” გამშვებ პუნქტებზე დანერგა. ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საგუშაგოები ყველაზე დატვირთულია, რადგან სატვირთო გადაზიდვების მთავარ მარშრუტებზე არიან განლაგებული.