რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს- „სლავური ძმობა“ ჩაატარებენ

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ ტაქტიკურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

 

წვრთნები სახელწოდებით – „სლავური ძმობა“, 14-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში ბელარუსში ბრესტში მდებარე პოლიგონზე ჩატარდება. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ წვრთნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიიღეს და მათი ორგანიზება 2015 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე რუსი ჯარისკაცი და 70-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

შეგახსენებთ, სამხედრო წვრთნები ბელარუსში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდება. 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელსაც ზურგს კრემლი უმაგრებს.

“აიპიენი”