ანა კობახიძე – ევროკავშირის წარმომადგენლებს პიერ სალიერს და ანტონიო დალ-ბორგოს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება არჩევნების მიტაცებას

პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრის, ანა კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილე, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერ, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრაზე მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება „არჩევნების მიტაცებას“.

ანა კობახიძე - ევროკავშირის წარმომადგენლებს პიერ სალიერს და ანტონიო დალ-ბორგოს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება არჩევნების მიტაცებას - ვფიქრობ, მომავალში შეხვედრა კიდევ გვექნება

როგორც კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე გამოავლინეს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირს წარმომადგენლობასთან. მნიშვნელოვანი იყო, რა ინფორმაციაც მივაწოდეთ, თუ როგორ მუშაობდა ცესკო არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში. დეტალურად ვუთხარით ყველაფერი იმ საკითხებთან დაკავშირებით, როგორ ცდილობდა ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში ადმინისტრაცია მთლიანად მიეტაცებინა და შემდეგ, როგორ შეასრულა ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების“ დავალებები. შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დაინტერესებული არიან ჩვენთან შემდგომში შეხვედრებით. ვფიქრობ, რომ მომავალში შეხვედრა კიდევ გვექნება. მათი კითხვები ეხებოდა ადმინისტრაციაში ჩვენს ინფორმირებულობას, როგორ ვიყავით ჩართული“, – განაცხადა ანა კობახიძემ.

ამასთან, ანა კობახიძის თქმით, მათი პოლიტიკური ბლოკი კომისიაში წევრს არ ნიშნავს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ დაკომპლექტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ლეგიტიმური არ არის.

„ახალი კანონმდებლობით 5 პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება დანიშნოს კომისიაში წევრები, აქედან ჩვენი პოლიტიკური ბლოკი კომისიაში წევრს არ ნიშნავს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ დაკომპლექტებით ადმინისტრაცია ლეგიტიმური არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან განმარტა, დღევანდელ შეხვედრას, როგორც ცესკო-ს ყოფილი წევრები ისე ესწრებოდნენ.

ანა კობახიძის განმარტებით, შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ საღებავის შესხმის ფაქტზე საუბარი არ ყოფილა და შესაბამისად, არც დაგმობილა.

„ოპოზიციაში პოზიტიური მოლოდინები არის. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის ქვეყნები არ ულოცავენ და არ აღიარებენ არჩევნებს. დღევანდელი შეხვედრაც ძალიან პოზიტიური იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილე, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალ-ბორგოს შეხვდნენ.