აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, შესაბამისად მისი ადმინისტრაცია მომავალი წლის იანვრის ბოლოდან შეუდგება მუშაობას. განახლების პროცესში მყოფი ევროკავშირის სტრუქტურების შემადგენლობა კი ოფიცლაურად მუშაობას 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებს.
ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრობენ იმ პროგნოზებზე, თუ როგორ გააგრძელებს განახლებული “ქართული ოცნება” აშშ-სა და ევროკავშირის ახალ ადმინისტრაციებთან.
1-ლი დეკემბრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოშტა ჩაანაცვლებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ჯოზეფ ბორელის ნაცვლად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. 27 ნოემბერს ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალი შემადგენლობაც ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 28 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციას მიიღებენ.
რაც შეეხება აშშ-ს, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება, ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნად რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოს წარადგენს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აშშ-სგანაც და ევროკავშირის მხრიდანაც არ ჩანს, რომ ახალი ადმინისტრაციები ლოიალურები იქნებიან “ქართული ოცნების” მიმართ.
“ორივე მიმართულებით ურთიერთობის გაუარესებას ველოდები. ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა და კომისრები, მათ შორის კაია კალასი და სხვები,რომლებსაც ევროკავშირის სტრუტურებში დიდი გამოცდილება აქვთ, ძალიან კარგად იციან “ქართული ოცნება” რას წარმოადგენს. ამასთან, ხუთშაბათს ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას მიიღებს და იქაც იქნება ბევრი რამ ნათქვამი.
“ამას ემატება ისიც, რომ “ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი “ხალხის ძალას” წარმოადგენს, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, კანდიდატად წარდგენის შემდეგაც კი, პირველი განცხადება რაც გააკეთა ის იყო, რომ ყველაფერს გავაკეთებო, რომ უცხო ძალები არ ჩაერივნენო, დასავლეთი გააკრიტიკა და ა.შ.
“რაც შეეხება აშშ-ს, ტრამპის უფლებამოსილება ძალაში 2025 წლის 20 იანვარს შედის და ბუნებრივია, ტრამპის ხელისუფლებასაც “ქართული ოცნების” მიმართ ხისტი დამოკიდებულება ექნება, მათი მოლოდინების მიუხედავად.
„ალბათ ამ ორი თვის განმავლობაში “ოცნება” კიდევ უარესს ჩაიდენს. რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაცია კარგად იქნება ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის თავდაცვის მდივნობისა და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატები, რომ “ოცნებას” ურთიერთობა აქვს ირანთან, ჩინეთთან თანამშრომლობს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტს ააშენებს.
“პირველად ტრაპის ადმინისტრაციის დროს გამოიხატა შეშფოთება, რომ შეიძლება პორტი ჩინეთს გადასცემოდა, მაშინ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იყო, ის საქართველოშიც იმყოფებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რომ ჩინურ საიმპორტო პროდიქციაზე 10%-იანი გადასახადი დააწესოს, ამ დროს, საქართველო ჩინეთთან თანამშრომლობს, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება მათთვის.
“ახლა ორბანი ეცდება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლი ითამაშოს, მაგრამ მგონია, რომ იმედები არ უნდა დაამყარონ. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ბაიდენმა ვადის მიწურულს “ქართული ოცნების” წევრებს სანქციები დაუწესოს, საკმარისი დროცაა და დოკუმენტებიც უკვე შესწავლილია.
“ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის მიწირულს მოხდა ის, რომ უკრაინას შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე ნება დართო და არ გამოვრიცხავ, გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც მიიღოს.
„აშშ-ს გადაწყვეტილებები მანამდეც და დიდი ხნის წინაც უნდა მიეღო, საქართველოს ეს პრობლემა ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებდა “ოცნება” და ბოლო შანსი მისცა, თუმცა არ გამოიყენა. თვითონ ამერიკის თავმოყვარეობისა და მისი პრესტიჟის საქმეა.
“გარკვეულ ზომებზე ევროკავშირიც წავა, ერთი ვარიანტია და არ გამოვრიცხავ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეაჩერონ, თუმცა მეორე ვარიანტია, რომ თავად ქვეყნებმა დააწესონ ინდივიდუალური სანქციები.
„საინტერესო მაგალითია, როცა მურუსიძეს აშშ-მ სანქცეიბი დაუწესა, მერე იყო შემთხვევა, რომ გერმანიაში არ შეუშვეს, ანუ გერმანიამ გაიზიარა ვაშინგტონის პოზიცია”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მსოფლიოში ტენდენციები იცვლება კონსერვატიზმის გაძლიერების კუთხით და ამ ფონზე, შეიცვლება როგორც აშშ-ს ისე ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ.
“როგორ გაგრძელდება ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობა, ალბათ ამ კითხვაზე მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ევროკავშირი გადაწყვეტის რეზოლუციის რომელ ტექსტს უჭერს მხარს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ვერსია გაიმარჯვებს, რომელიც საქართვლეოში მხარეებს მოუწოდებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს პატივი სცენ და პარლამენტში შევიდნენ.
„ეს ბოლოს მოუღებს სპეკულაციებს და შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში გარე ჩარევების მცდელობებს.
“თუ ეს არა, მაშინ საერთოდ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არჩევნებმა სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სხვანაირი სურათი და ტენდენციები აჩვენა და დღეს მსოფლიო კონსერვატიზმისკენ უფრო მიდის, ვიდრე ადრე. ამ კონსერვატიზმის გაძლიერების ფონზე, მეეჭვება, რომ ევროკავშირმა დამოუკიდებელ საქართველოს ისეთივე ჩხიკინი დაუწყოს, როგორსაც ცოტა ხნის წინ ლიბერალები უჩხიკინებდნენ.
“ლიბერალებმა მემგონი ნახეს, რომ მათი პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით წამგებიანია და ამიტომ საქართველოზეც მემგონი ჯოხს არ გადატეხენ და იტყვიან, რომ ყველა ქვეყანამ იცხოვროს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და თავისი მსოფლმხედველობით იმ ოჯახში შევიდეს, რასაც ევროპა ჰქვია.
“იმედია ეს ტენდენციები აშშ-შიც გაგრძელდება ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ და ყველა ქვეყნის პოლიტიკის მიმართ მეტი პატივისცემის პრინციპს შემოიტანს, მათ შორის საქართველოს მიმართაც.
„ლიბერალებს ბოლშევიკების დროინდელი პრინციპი ჰქონდათ, რომ ვინც ჩვენს ჭკუაზე არაა, ის ჩვენი მეტრია. იმედია ლიბერალების ეს ევროპული ბოლშევიზმი შეიცვლება და ჩაქრება მათი ეს ენერგიული “ვაჟკაცობა””,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსთან”.