თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს.
„ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.