საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დუმილის უფლებით სარგებლობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ვახო მთიულიშვილმა განუცხადა, ის წუხელ დააკავეს. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, ან ხვალ წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 29 ნოემბერს, პიროტექნიკის სროლის შედეგად სამართალდამცავს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, მას 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებასა და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამ დროისთვის აღნიშნული მუხლებით 3 პირია დაკავებული.
საპროტესტო აქციების ფარგლებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, არამედ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებითაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, პოლოციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.