გიორგი გახარია – მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო – „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს – 4 წელი არაო – არანორმალურებს არ ვპასუხობ

მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, რომ ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო. „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს, რომ 4 წელი არაო – არანორმალურებს არ ვპასუხობ, საკუთარ თავს ელაპარაკოს სარკეში! – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარია, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ირაკლი კობახიძე გახარიას შს მინისტრობასა და აქციის დარბევაზე საუბრობდა.

გიორგი გახარია - მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო - „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს - 4 წელი არაო - არანორმალურებს არ ვპასუხობ

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ბარიკადების ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეები არიან, უბრალოდ ბარიკადების ერთ მხარეს, პოლიციელები იღებენ უკანონო დავალებებს იძულებულები არიან იქ იდგნენ“.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, არანორმალურებს არ ვპასუხობ, საკუთარ თავს ელაპარაკოს სარკეში! დადგეს და ელაპარაკოს, რაც უნდა ის! არანორმალურ არაადეკვატურ ადამიანს რა უნდა ვუპასუხო?! რაც შეეხება საპოლიციო ღონისძიებას. მე ძალიან კარგად მესმის ის რამდენად რთულ მდგომარეობაშია დღეს პოლიცია. ძალიან კარგად მესმის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ძალიან გაბრაზებულები არიან, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბარიკადების ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეები არიან. უბრალოდ ბარიკადების ერთ მხარეს, პოლიციელები იღებენ უკანონო დავალებებს და ხშირ შემთხვევაში, ყოველთვის არა, იძულებულები არიან იდგნენ იქ, სადაც დღეს უწევთ დგომა.

რაც შეეხება თვითონ საპოლიციო ღონისძიებას, მაშინ როცა სისტემა, სახელმწიფო, თავისი ბრუტალური, არაფრით გაუმართლებელი ქმედებების გასასამართლებლად იყენებს, რომ „ხლაპუშკა“ ესროლეს, ან შეაგინეს, ან სადღაც ცეცხლი გაჩნდა, ან შეღებილი კვერცხი ვიღაცამ ესროლა, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. არცერთ შემთხვევაში არ გვინახავს ფიზიკური დაპირისპირება, არ ყოფილა შეჭრის მცდელობა, და როცა ამ პირობებში იყენებ სპეციალურ საშუალებებს, ასეთი მოცულობით, ასეთი მოცულობის საპოლიციო ძალებს, ნიღბებით, ამას ვერასდროს ვერც სამართლებრივად, ვერც მორალურად გაამართლებ და ვერც კანონიერს, ვერ ლეგიტიმურს და ვერც პროპორციულს ვერავინ დაარქმევს. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყო ცალკეული დემონსტრანტების მხრიდან გადაცდომის ფაქტები, მაგრამ ეს უნდა გამოიძიონ ცალკეულ ფაქტებად.

ახლა როგორც თქვეს, ევროკავშირს თუ უნდა ახლავე მოიტანოს და მოვაწერთ ხელსო, რას უნდა მოაწეროს ხელი, ვინ უნდა მოაწეროს ხელი, კობახიძემ უნდა მოაწეროს ხელი? სამი წელი რომაა, დედას რომ აგინებენ ყველას და ყველაფერს, ამათ უნდა მოაწერონ ხელი? დარჩებიან მარტო და ექნებათ დიალოგი საკუთარ თავთან და საკუთარ კერპთან. მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, რომ ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო. „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში, რუსთაველზე, ბარიკადები გაავლეს და საქართველო გახლიჩეს ორ ნაწილად და ევროპაზე გვითხრეს, რომ 4 წელი არაო. ის ოთხი წელი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია. და ამ არანორმალურებს ჰგონიათ, რომ ვიღაცას ატყუებენ. ჩაიცვან, „კასკები“ დაიხურონ დროზე, ვურჩევ!“ – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიამ საჯარო მოხელეებს მოუწოდა საკუთარი აზრი დააფიქსირონ და ამის არ შეეშინდეთ.

„მინდა, მივმართო საჯაროო მოხელეებს, რომლებმაც გაბედეს და გამოთქვეს საკუთარი განსხვავებული აზრი. თქვენ ვალდებული ხართ ყოველთვის გამოთქვათ თქვენი აზრი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ეს აზრი ემთხვევა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის აზრს. მინდა, მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია. ნუ შეგეშინდებათ იმ „ვაი საქართველოს მოქალაქეების“ და „ვაი პოლიტიკოსების“, რომლებიც თურმე ამბობენ, რომ ეს კარგიაო და სისტემა გაიწმინდებაო. 12 წელი ვერაფერი გააკეთეს, თუ რაიმე გასაწმენდი იყო და დღეს თურმე ამ კონფლიქტსა და სისტემურ კრიზისს იყენებენ ამისთვის. რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც საკუთარ განსხვავებულ არს გამოთქვამს, მით უფრო დაცულები იქნებით. უნდა იცოდეთ, რომ გიცავთ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩვენ გვაქვს დღეს შანსი დავიწყოთ და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები საჯარო სექტორის დეპოლიტიზაციის მიმართულებით, რომ საჯარო სექტორი, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმა შეეძლოთ. დღეს ყველაზე მთავარია ის ადამიანები დავიცვათ, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და დავიცვათ ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც დღეს საკუთარი ხელმძღვანელები და „ვაი პოლიტიკოსები“ ემუქრებიან.

„ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა არჩევნები, შემდგომ შევიდა ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში. ფაქტობრივად, დღეს სახელმწიფო კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამოდის, რომ ჩვენ ამ ჩვენი დიდი სტრატეგიული მოაზროვნეების გამო, რომლებიც სადღაც გლობალური ომის პარტიის მესვეურებს ეძებენ და ცდილობენ მათთან დალაგდნენ, დღეს ჩვენ ვართ ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. პირისპირ ვართ მარტო ოკუპანტი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო გიორგი გახარია, “თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს“. მისივე თქმით, ამას ის აკეთებდა პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას.