“თუ თქვენ არ გსურთ, რომ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ciao! Hasta la vista!“ – ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას

გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო, მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი , – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ვითარება კარგი არ არის.

„როდესაც ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ ისინი ევროკავშირთან ახლოს იყვნენ და ჩვენ მოლაპარაკებებიც გავხსენით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ და ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ, მეტიც, მათ ევროპისკენ გზაზე სვლაც შეწყვიტეს. ვხედავ, რომ მათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შიდა პრობლემები აქვთ. ფაქტია, თუ არ ვცდები, რომ გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო. მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სანქციებისა და დასჯის შესახებ საუბარი ევროპელებისთვის დამახასიათებელია.

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვუთხრათ ქართველებს, არის ის, რომ არსებობს წესები და თუ თქვენ არ გსურთ, რომ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ciao! Hasta la vista!“, – აღნიშნა ქსავიე ბეტელმა.