“მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი” – ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად.
ახალი სასწავლო წელი იწყება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ასევე საქართველოში სკოლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს, ნაწილი კი, საკლასო ოთახებს უბრუნდება. ეპიდემიოლოგები უკვე საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად გრიპის სეზონურმა ვირუსებმაც მოუტანოს.
აღნიშნულ თემაზე აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ “ინსტაგრამზე“, მსახიობ ჯენიფერ გარნერისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო წლის დასაწყისში და სეზონური ვირუსების გააქტიურების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის ვიტამინებით შევსება.
მისი თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით სასარგებლოა D და C ვიტამინები და მათ თავადაც იღებს.
“თუ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, ეს გავლენას მოახდენს ინფექციის მიმართ თქვენს მგრძნობელობაზე. D ვიტამინს მე თვითონაც ვიღებ. რაც შეეხება C ვიტამინს, ის კარგი ანტიოქსიდანტია და ამიტომაც, მისი მიღება კარგი იქნება“, – ამბობს ფაუჩი.
ფაუჩის რეკომენდაცია შესაბამისი კვლევითაც არის გამყარებული. კვლევის მიხედვით, D და C ვიტამინები საუკეთესო არჩევანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, თუმცა გაითვალისწინეთ, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვიტამინები კორონავირუსს ებრძვის, საუბარია სეზონური გრიპისადმი ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებაზე..
ამასთან, ვიტამინების მიღება არ შეიძლება ჭარბი დოზით. ამასთან დაკავშორებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მიმინოშვილი ამბობს, ვიტამინების ჭარბმა მიღებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს.
– ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვიტამინების ჭარბი ოდენობით მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. თანამედროვე მედიცინაში შეიცვალა მიდგომები და როგორც ადრე იყო, რომ C ვიტამინს უნიშნავდნენ ბავშვებს გაზაფხულზე, იყო თუ არა საჭირო, ახლა ასე არ არ ხდება.
– რა შემთხვევაში ურჩევთ პაციენტებს ვიტამინების მიღებას?
– როდესაც კვება არის არასრულფასოვანი, ან კლიმატური გარემოა პრობლემური, ანუ როდესაც ჩნდება ვიტამინების დეფიციტი. ეს კი ხშირად ხდება ქრონიკული დაავადების გადატანის შემდეგ, ანტიბიოტიკების მოხმარების შემდეგ, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება და ამ დროს შეიძლება დაინიშნოს ვიტამინების კომპლექსი.
შენიშვნა: თუკი ვიტამინების მიღებას გადაწყვეტთ, დოზა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა განსაზღვროთ.
წყარო: ambebi.ge