პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
მოსამართლე მგელიაშვილის განმარტებით, წარდგენილ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს საბა ჯიქია.
მგელიაშვილის თქმით, „წაქცეულ ადამიანზე მივარდნა და ფეხის დარტყმა მისთვის დაუსაბუთებელია, იმის ფონზე, როცა ეს არ იყო მოგერიების მდგომარეობა“.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის წარსულში ნასამართლევი არაა და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
ადვოკატმა საბა ჯიქიას მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
მოკლე რეპლიკით ისარგებლა ბრალდებულმაც.
„რაც ჩავიდინე, მართლა ცუდია, ვნანობ. ორი პატარა და მყავს“,- განაცხადა ჯიქიამ.
ცნობისთვის, საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.