ბაშარ ასადის ცოლი და შვილები რუსეთში წავიდნენ, ასადსაც ქვეყნიდან წასვლას სთავაზობენ

ეგვიპტელმა და იორდანიელმა ჩინოვნიკებმა სირიის ლიდერს, ბაშარ ასადს ქვეყნიდან წასვლა შესთავაზეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბაშარ ალ-ასადი

The Wall Street Journal-ის ცნობით, სირიაში ანტისამთავრობო ძალების სწრაფი შეტევის პარალელურად ბაშარ ასადის ცოლმა და შვილებმა ქვეყანა დატოვეს და რუსეთში წავიდნენ, ხოლო სიძეები – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრნენ. თავად ბაშარ ასადი კი ამ დრომდე სირიაში რჩება.

ასევე ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა ასადს დროებითი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ.

ამასობაში ანტისამთავრობო ძალები, რომლებსაც დაჯგუფება „ჰაიათ თახრის აშ-შამი“ უდგას სათავეში, ქალაქ ჰომსს უახლოვდებიან. ჰომსის აღების შემთხვევაში ანტისამთავრობო ძალებს გზა დამასკოსკენ გაეხსნებათ და ამ შემთხვევაში სირიის დედაქალაქსა და ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე რუსულ საზღვაო ბაზებს შორის კავშირი გაწყდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიას ირანელი დიპლომატები ტოვებენ, ასევე ქვეყანა „ისლამური რევოლუციის მცველთა“ კორპუსის დაჯგუფების, ალ-ქუდსის“ მეთაურებმა დატოვეს. როგორც The New York Times-ს ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, ირანელები ვერ შეებრძოლებიან სირიელ ამბოხებულებს, როდესაც სამთავრობო ძალებს ბრძოლა არ სურთ.

ანალიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ბაშარ ასადის ძირითადი მოკავშირეები – რუსეთი, ირანი და ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ამჟამად საკუთარი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ. ირანს და „ჰეზბოლას“ ისრაელთან აქვთ შეიარაღებული დაპირისპირება, ხოლო რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.