უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ და აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე 43 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის დანაკარგები 400 000 ადამიანს აღწევს, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში 43 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
„ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველი სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ დაკარგა 43 000 ჯარისკაცი. დაფიქსირდა დაჭრილთა დახმარების 370 000-ზე მეტი შემთხვევა, ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ჯარში დაჭრილთა დაახლოებით 50 პროცენტი ბრუნდება ბრძოლის ველზე, და თანაც აღირიცხება ყველა დაზიანება, მათ შორის მცირე და განმეორებითი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიასა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არის საფრონტო მედიცინის დონე, რომელიც უკრაინაში გაცილებით მაღალია.