Reuters: ტრამპმა ზელენსკის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საფრანგეთის ლიდერთან ემანუელ მაკრონთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე ომის დაუყოვნებლივ დასრულება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკი

„სამი ლიდერი ერთმანეთთან 35 წუთის განმავლობაში მრჩევლების გარეშე ესაუბრებოდა. ისინი მშვიდობის დამყარების კონკრეტულ დეტალებს არ განიხილავდნენ, თუმცა ტრამპმა გაიმეორა, რომ მას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება სურს, რათა ომი მალე დასრულდეს“, – წერს სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ერთ-ერთი წყარო სააგენტოს უყვება, ტრამპი შეხვედრაზე საკმაოდ მეგობრული და ღია იყო. ის პატივისცემით ესაუბრებოდა ზელენსკის და მაკრონს და მათ არგუმენტებსაც ისმენდა.

შეხვედრაზე ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. როგორც Reuters-ი იუწყება, ზელენსკი ფიქრობს, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება საკმარისი, ვინაიდან შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაარღვევს.

ერთ-ერთი წყარო სააგენტოს იმასაც უყვება, რომ შეხვედრაზე მარკონი და ზელენსკი „ერთ ტალღაზე“ იყვნენ, თუმცა ცდილობდნენ ისე მოქცეულიყვნენ, რომ ტრამპი კუთხეში არ მიემწყვდიათ. მაკრონი და ზელენსკი უმტკიცებდნენ ტრამპს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე კიევს ძალიან გაუჭირდება.

მაკრონმა და ზელენსკიმ აგრეთვე ტრამპს აუხსნეს, რომ 2024 წლის პუტინი არ არის ის, რაც იყო 2017 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.

გარდა ამისა, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას სირიაში რუსეთის წარუმატებლობად მიიჩნევენ და აქედან გამომდინარე ტრამპს უმტკიცებდნენ, რომ ის მოსკოვს უფრო ხისტი პოზიციით ესაუბროს.