ენგურჰესის გაჩერების გამო აფხაზეთის მოსახლეობას დენი დღეში ორჯერ, 1 სთ და 24 წუთით მიეწოდება

წყლის არასაკმარისი დონის გამო ენგურჰესი ამჟამად ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს, რის გამოც  აფხაზეთის მოსახლეობას დენი დღეში ორჯერ – 1 საათსა და 24 წუთით მიეწოდება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ენგურჰესი

ენგურჰესის გაჩერების გამო „ჩერნომორენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი შეიმუშავა. თუ აქამდე ღამის საათებში, 21.00-დან დილის 7 საათამდე მოსახლეობას დენი უწყვეტად მიეწოდებოდა, ახლა ეს შეუძლებელი იქნება.

დე ფაქტო მთავრობა რუსეთიდან დენის მიღების შესაძლებლობა ეძებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას გადადგომა აიძულა, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება პრაქტიკულად შეუწყვიტა და ელექტროენერგიასაც არ აწვდის.