ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს 12 დეკემბერს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია გამართეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.
“ქართული ოცნება” ვიზიტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს “არ გააჩნიათ არავითარი ინტერესი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ “მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან”. ამავე აზრს იზიარებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ “უფრო ზუსტად გაეცნონ ინფორმაციას და ევროპარლამენტში წაიღონ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, რეპრესიები როგორ ფაზაშია – ხალხის დაჭერის საკითხია ეს თუ პოლიცია რამდენად მართლა უსწორდება ადამიანებს და ა.შ. ასევე როგორც ჩანს აინტერესებთ ის თუ ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავს ხალხი”.
რა არის ევროპარლამენტარების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზეზი
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ.
“ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფია, რომლებიც დიდი ხანია ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობენ ყველა ოფიციალურ თუ არაოფოციალურ დონეზე და ახლა, რა თქმა უნდა, ვერ დარჩებიან გულგრილი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ უფრო ზუსტად გაეცნონ ინფორმაციას და ევროპარლამენტში წაიღონ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, რეპრესიები როგორ ფაზაშია – ხალხის დაჭერის საკითხია ეს თუ პოლიცია რამდენად მართლა უსწორდება ადამიანებს და ა.შ. ასევე როგორც ჩანს აინტერესებთ ის თუ ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავს ხალხი”,- განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად იქონიებს გავლენას აქედან ჩატანილი ინფორმაცია ევროკავშირის შემდგომ გადაწყვეტილებებზე, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ 16 დეკემბრისთვის საქართველოს შესახებ დოკუმენტი უკვე შემუშავებული იქნება, თუმცა, რაღაც დეტალები ამ ინფორმაციის საფუძველზე დაზუსტება და გავლენა ექნება.
“გავლენას აუცილებლად იქონიებს. 16 დეკემბერს განაცხადი უკვე მზადდება, სულ ოთხი დღე დარჩა და გადაწყვეტილებები ალბათ უკვე შემუშავებულია, მაგრამ შეიძლება ამ ინფორმაციის საფუძველზე რაღაც დეტალები დაზუსტდეს და ამასაც რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს”,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა “რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანთან” მიიჩნევს, რომ პროტესტის მუხტი შენელდა და ევროპარლამენტარები ცდილობენ როგორმე გააღვივონ.
“საკითხავია ის თუ რატომ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები ამ დროში და ამ დღეს?! იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტი მილევადია, მათი ე.წ. ფინიები უკვე წარმავალნი არიან და ცდილობენ ამ ქვეყანაში არეულობა და ე.წ. რევოლუცია როგორმე გააღვივონ. ეს არ გამოუვათ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანები ევროპარლამენტარების თუ სხვა სტატუსით ჩამოვლენ, ქართველმა ხალხმა თავის დროზე დესტრუქციას და არეულობას არა უთხრა.
“ცოტა ტრაგიკომიკურია ამ ე.წ. პროვეროპელების მოლოდინები, რომ თუნდაც ევროპარლამენტარები და თუნდაც ვიღაც ჩინოსნები საქართველოს ბედს გადაწყვეტენ. საქართველოს ბედს ქართველი ელექტორატი წყვეტს საარჩევნო ყუთებთან, დანარჩენი უკვე ძალიან არასერიოზული და ძალიან ტრაგიკომიკურია”,- განაცხადა გია აბაშიძემ “რეზონანსთან”.
რას ამბობენ ევროპარალმენტარები
პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ქართველი ხალხის გამო იმყოფებიან.
„ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ”, – განაცხადა მიჰალ შჩერბამ.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს.
„პრეზიდენტი ამ ქვეყნის ლიდერია და ჩვენ საქართველოს ევროპული გზისთვის მასთან უნდა ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა, სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა, რომ არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც „ქართული ოცნება” ექცევა.
“ჩვენ აქ ვართ განსაკუთრებულ მომენტში და ეს განსაკუთრებული მომენტი არის ის, თუ როგორ ექცევა ეს ხალხი – ეს პარტია „ქართული ოცნება” და უშიშროების აპარატი და არაოფიციალური სამხედრო ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ ეს ართულებს სიტუაციას.
„არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც ის ექცევა. ეს არის მთავარი კითხვა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ ცნობს დემოკრატიულ მოძრაობას და საკუთარი ქვეყნის თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ. აი რატომ ვართ, სადაც ვართ და რატომ ვხვდებით, ვისაც ვხვდებით”, -აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი (ნიდერლანდები) სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ განვიხილეთ „ქართული ოცნების” არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა”, – წერს ლანშოტი.
პოლიტიკური შეფასებებები
ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს განიხილავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს”.
„რეპრესიები, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხალხს არ იცნობს და ამ რეპრესიებმა ჩვენ შეგვაკავშირა და დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს ნამდვილად გადამწყვეტი ბრძოლაა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ჩამოსულია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
“განიხილება სანქციები. წინა მინისტერიალზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი ბრიუსელში, მაშინ ჯერ კიდევ საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახლა ვიცით, რომ ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისვე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, თუმცა ამას კონსენსუსი სჭირდება, რომელსაც ივანიშვილს მოკავშირე ვიქტორ ორბანი საბჭოში ბლოკავს, თუმცა განიხილება ყველა ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვუს” ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ევროპარლამენტარებს კარგად ესმით, რომ ივანიშვილთან, ურთიერთობისას ერთადერთი გამოსავალი არის ზეწოლა.
„თავისი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ეს არის მათი ინიციატივა, რომ სწორედ ამ კრიზისის დროს ჩამოვიდნენ აქ. ხვდებიან ოპოზიციას, პრეზიდენტს, საზოგადოებას, მედიას. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო. ამ ხალხს ვითარება უკიდურესად სწორად ესმის. ისინი განიცდიან ყველა მოქალაქის უკანონო დაპატიმრებას, ცემას.
დეტალურად იცოდნენ ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. სრული მხარდაჭერა აქვთ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის მსხვერპლები არიან. ასევე პოლიტიკური გამოსავალი ძალიან კარგად ესმით. მათ ესმით, რომ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი, ეს არის რუსეთ-ევროპის საკითხი და მათ რაც მთავარია ესმით, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და მზად არიან ამ ბრძოლაში დაუჭირონ მხარი.
ყველანაირი კონკრეტული მექანიზმი, სანქციებიც განხილულია, თავად ისაუბრებენ ამაზე. ძალიან კარგად ესმით, რომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილთან, რუსებთან ურთიერთობის არის ზეწოლა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” კრიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ევროპარლამენტარებს არ გააჩნიათ არავითარი ინტერესი იმისა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. და ჩამოსულია კონკრეტული ჯგუფი “კოლაქტიური “ნაცმოძრაობის სასაღორძინებლად”.
„ერთი პოლიტიკური ჯგუფია. ეს დაძაბულობა, დაპირისპირება მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ისინი ეცდებიან (კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, ცნობილი გვარებია), რომ ამ მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არავითარი ინტერესი იმისა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, არ გააჩნიათ. იდეა ერთია, რომ დასანქცირდეს საქართველო და ამ ყველაფერს მიეცეს შეუქცევადი ხასიათი. მე ვფიქრობ, ეს გეგმაც ჩაიშლება.
“ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ასაღორძინებლად”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, ჩამოსული ევროპარლამენტარები „ჩვეულებრივი „ნაცსექტის” დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ”.
„ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით იმყოფებიან, ხომ იცით, ვინც არიან, საქართველოს გაშავებით რომ არიან დაკავებული. რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, რომ თურმე სააკაშვილს ვკლავთ, ჯიგარი კი იცით, ემუქრება კიდეც გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს, მშვენივრად არის.
მეორე ევრორეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი. აი, ასეთი უსამართლო რეზოლუციების ავტორები ჩამოვიდნენ და ბუნებრივია, ჩვენ არც გვაინტერესებს მათი აზრი, რადგან ჩვეულებრივი „ნაცსექტის” დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ. მილევად რეჟიმშია, გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი” არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ. ამას სჯობია ისევ ჩვენი კულტურა ნახონ, გაიარონ სხვადასხვა კუთხეში, ხალხს შეხვდნენ, დაელაპარაკონ და მიხვდებიან, რომ ამ უსამშობლოებს დასაყრდენი საქართველოში არ აქვთ”, – განაცხადა ზარქუამ.
ამავე თემაზე საუბრისას, ზარქუამ ანდრიუს კუბილიუსს მიმართა და აღნიშნა, რომ „მისმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ არ არის მისი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაუშვეს”.
„კუბილიუსი ხომ არ დატოვეს? კუბილიუს, აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო. სწორია, ადრე ჩვენ გვამუნათებდი, არარეალურ, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრორეზოლუციაში, მახსოვს, მოწოდებებიც. თქვენმა კოლეგებმა მიგიჩნიეს, რომ არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს. იქ არის თქვენი ადგილი, კოსმოსი შეისწავლეთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.