მიხეილ ყაველაშვილი: ტრამპი ღირებულებით ნაწილში მიყვება იმ ხაზს, რასაც ჩვენ ასე მტკიცედ ვიცავდით

როდესაც გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები მივიღეთ, ჩანდა, როგორი გახარებული იყო ჩვენი საზოგადოება. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს გამოწვევა მარტო საქართველოში არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მიხეილ ყაველაშვილი

„დღეს ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ადამიანი, რომელიც თითქოს ჩვენს ამ ღირებულებით ნაწილში მიჰყვება იმ ხაზს, რასაც ჩვენ ასე მტკიცედ ვიცავდით ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. ამ ჩვენი რადიკალური ფრთის იგნორირება ამ საკითხთან მიმართებაში და ქილიკი, რომ თითქოს, ვის აინტერესებს, რომ ქალი – ქალია და კაცი – კაცია. ხომ ვისმენთ, ამერიკის პრეზიდენტი ამ ტექსტებით საუბრობს, რაზეც ჩვენ კანონი მივიღეთ და ამას ვიცავთ.

რა ღირებულებებთან დაბრუნებასაც ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი, ეს თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან, რის გაწვევასაც ჩვენ გვთხოვდნენ და გვთხოვენ ევროპარლამენტის რიგი წარმომადგენლები, არც თუ ისე მცირე. ჩვენი პრინციპია, რომ ჩვენ ჩვენ უნდა ვიყოთ. თუ ჩვენს ეს ღირებულებები არ გვექნება და მოშლილი იქნება, თუ ჩვენს ხასიათს და ყველაფერს უგულებელვყოფთ და უბრალოდ გვარებით და სახელებით დავრჩებით და ნასახი აღარ გვექნება იმ ადამიანების, რასაც ქართველი წარმოადგენს თავისი ღირებულებებით, კულტურით, ხასიათით, ენით, სარწმუნოებით და მამულის დაცვით, ის თუ აღარ ვიქნებით, მაშინ რაღა აზრი ექნება რაიმე სახის ორგანიზაციაში გაერთიანებას.

ჩვენ ღია ვართ დისკუსიაში, განა მათ საწინააღმდეგოდ ვდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის ვდგამთ. გვჯერა, რომ მივალთ იმ ნიშნულამდე, რომ ისინი ამას დაიჯერებენ. ტრამპის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, ამ საკითხში ჩვენ ხომ ერთიანები ვიქნებით. აშშ-ს პრეზიდენტი დამცველია ამ ღირებულებების.

ვერც ერთი სისტემა და ვერც ერთი დამპყრობელი ვერ შეუცვლის თავისუფლებისკენ სწრაფვას ქართველს, ეს ისტორიულადაც ვიცით ჩვენ და დღევანდელობაშიც ჩანს, რამდენად მძაფრია ქართველი, როცა ვინმე უზღუდავს მას თავისუფლებას. საიდან უფრო ზიანდება თავისუფლება, ჩვენი მხრიდან, რომელიც ღიაა დისკუსიისთვის და გვინდა, რომ ისეთები როგორიც ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი?

პრეზიდენტის შესაძლებლობაზე რომ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შევამციროთ პოლარიზაცია, ღია ვართ საუბრისთვის და ხელისუფლებასაც მოვთხოვთ, რომ ღია იყოს ამ პროცესებში. რამდენჯერ შესთავაზა პრემიერმა ახალგაზრდებს დიალოგი. რატომ არ უნდა გამოიყენოს კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალმა ახალგაზრდამ ეს შანსი, რომ მას ესაუბროს.

ევროპარლამენტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის „ხალხი და ხელისუფლება“. თუ მინდა, რომ მე დავაზიანო ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის ასეთი დამოკიდებულება, რომ „ხალხი სხვა არის, მე ხალხს ვუჭერ მხარს“ და ხელისუფლებას საერთოდ არ ახსენებ, სწორედ ეს მაგალითია დაპირისპირების. ვინც დაყოფას ცდილობს, ის შეიძლება შენი კეთილმოსურნე იყოს?“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.