“ორპრეზიდენტიანობა” – როგორ გაგრძელდება სახელმწიფოს ფუნქციონირება ახალ რეალობაში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, სანამ ახალი არჩევნების შედეგად არ დალაგდება მმართველი რგოლები, “ქართული ოცნება” კი კოლეგიის მიერ ახლადარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას 29 დეკემბერს გეგმავს. გვექნება თუ არა “ორპრეზიდენტიანობა” და რა პროცესებს უნდა ველოდოთ?

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არის “შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”. ოპოზიცია კი ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს და აცხადებს, რომ სანამ საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება “ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი სალომე ზურაბიშვილია”.

უნდა აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ოპოზიციის ბოიკოტისა და გარე აქციის ფონზე წარიმართა. ახალი წესის თანახმად, პრეზიდენტი 300 კაციანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. მასში მონაწილეობა ოპოზიციამ არ მიიღო და არჩევნებში მონაწილეობდა 225 ხმოსანი, საიდანაც ყაველაშვილს ხმა 224-მა მისცა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. პირველ ტურში კანდიდატს ხმების ორი მესამედი, ანუ ორიასი ხმა ჰყოფნის, შესაბამისად ყაველაშვილს საკმარისი ხმები პირველ ტურშივე ჰქონდა. არჩევნებს ორგანიზებას ცესკო უწევდა.

როგორ გაგრძელდება სახელმწიფოს ფუნქციონირება ორი პრეზიდენტით

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კონსტიტუცია მსგავს შემთხვევებს არ არეგულირებს, თუმცა, რადგანაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და კონსტიტუციაშიც პირდაპირ წერია, რომ ერთპარტიული პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო არ არის, მის მიერ არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია. თუმცაღა, ზურაბიშვილი 29 დეკებმრის მერე, სახელმწიფო საქმიანობის განხორციელებას ვეღარ შეძლებს და ის იქნება”ხალხის მიერ პრეზიდენტად აღიარებული”.

“კონსტიტუცია ასეთ რამეებს არ არეგულირებს, მაგრამ ზოგადად სალომე ზურაბიშვილი და საზოგადოება თვლის, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. არალეგიტიმურია იმიტომ, რომ ერთპარტიულია და კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტი უნდა იყოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ერთპალატიანი პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო თავისთავად არ არის.

“ამიტომ თუ არალეგიტიმურია პარლამენტი, მაშინ მის მიერ მიღებული კანონები, მის მიერ განხორციელებული ქმედებები აგრეთვე არალეგიტიმურია. უკვე დგება საკითხი, რომ თუ ეს არალეგიტიმურია, მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტი რაღაა? სალომე აცხადებს, რომ ვინაიდან მას ხალხის ნდობა აქვს, ვინაიდან მას ხალხი საქართველოს პრეზიდენტად აღიარებს, იგი არის პრეზიდენტი. სახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელება გაუჭირდება, მაგრამ არაფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი.

“მის ამ სურვილს, გამონათქვამს ეხმიანება საზღვარგარეთის ბევრი პოლიტიკური ჯგუფი თუ პერსონები აღიარებენ და ამბობენ, რომ ის არის საქართველოს ერთადერთი პრეზიდენტი. ეს არის და ეს, კონსტიტუცია დეტალურად ამას არ არეგულირებს. თავისთავად ცხადია, რომ მას სახელმწიფო საქმიანობის განხორციელებას 29 დეკემბრის შემდეგ ვერ შეძლებს, ვერც კანონებს მოაწერს ხელს, 29-მდე შეუძლია ის გააკეთოს, რაც მის კომპეტენციაში შედის, მაგრამ შემდგომ უკვე ის იქნება ხალხის მიერ პრეზიდენტად აღიარებული”,- განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა “რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი 29 დეკემბრის მერე უარს არ ითხვის ტანამდებობეზე, ის კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას. მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ ორბელიანების სასახლიდან თავისი ნებით არ გამოვიდეს, რის შემდეგაც უკვე “ხელისუფლება დახვეწილ მეთოდებს მიმართავს”.

“სამართლებრივი კუთხით, 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს კანონმდებლობას, როდესაც მას აღარ ექნება პოსტზე ყოფნის უფლებამოსილება და გადაწყვეტს, რომ ორბელიანების სასახლეში შეიკედლოს, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გარკვეულ დახვეწილ მეთოდებს მიმართავს, რომ ეს უმაღლესი პოსტი სალომე ზურაბიშვილმა ბოროტად არ გამოიყენოს და პროცესი დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

“ახლა თეორიულად და ჰიპოთეტურად შევხედით თუ სალომე ზურაბიშვილს რისი გაკეთება შეუძლია – არაა გამორიცხული, რომ სასახლეში გამაგრდეს, რამდენიმე ასეული მხარდამჭერი მოიყვანოს და ამის ვიზუალური მასალა საერთაშორისო მედიაშიც გავრცელდეს, რათა წარმოჩინდეს, რომ ვითომ დევნილი, წამებულია და ვითომ დემოკრატიის გადასარჩენად იბრძვის – ეს ხომ ყველაფერი ფარსი იქნება?! რადგან დღემდე ვერავინ ვერ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია რა თქმა უნდა აქვს, როგორც მის მთავრობას, მის პარლამენტს და ახლადარჩეულ პრეზიდენტ ყაველაშვილს. დროებითი ისტერია წარსულს ჩაბარდება, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ძალიან სამარცხვინო და შავბნელი ფურცელი. მათ გარკვეული დაპირისპირების ინსპირირება სურთ, რაც არ მოხდება და ქართული დემოკრატიული ხელისუფლებიდან რაღაც კრეატიული გადაწყვეტილების მოლოდინია.

“ამისი სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომ სასახლიდან უკანონო პროეზიდენტი გამოიყვანონ, ეს არანაირად არ გულისხმობს მხოლოდ ძალისმიერ შეჭრას ისეთს, როგორიც მაგალითად “ნაცმოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დასაკავებლად იყო. დიდი ალბათობით ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ არის სხვადასხვა მეთოდები მაგალითად იგივე, რაც პოლონეთში მოხდა, როდესაც პრეზიდენტ დუდას რეზიდენციაში ყოფილი ჩინოსნები იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მათთან სამართალდამცველებს შეკითხვები ჰქონდათ, მათი გამოყვანა არაძალისმიერი მეთოდებით შეძლეს.

“სალომე ზურაბიშვილს სურს დაანახოს მსოფლიოს, რომ ის დევნილია და ეს არ მოხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ისეთი მეთოდებით იქნება სასახლიდან გამოყვანილი, რაც ამ არაკონსტიტუციურ სუბიექტს კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოაჩენს”,- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალურთან ახლოსაა ის ვერსია, რომ შესაძლოა “ოცნებამ” ყაველაშვილისთვის სხვა რეზიდენცია მონახოს ანალიტიკოსმა გვითხრა:

“ყველაფერი შესაძლებელია, არაფერი დაშავდება იმით, რომ მაგალითად 29 დეკემბრის ნაშუადღევს ყაველაშვილი რეზიდენციაში არ შევიდეს და სხვაგან იყოს და ამითი სალომე ზურაბიშვილის შავბნელი საქმიანობა კიდევ უფრო წარმოჩინდება, ამაში კრიტიკული და ტრაგიკული არაა, უბრალოდ სადამდე გასტანს ამ პოლიტიკური არარაობების ასეთი გაჯიუტება და ასეთი წინააღმდეგობა ქართველი ხალხის ნებასთან?

“ვარიანტები სხვადასხვაა და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს ხელისუფლებაში იხილავენ და შედეგიც იქნება ის, რომ საბოლოო ჯამში ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას სამარცხვინოდ დატოვებს”,- განაცხადა გია აბაშიძემ “რეზონანსთან”.

რას ამბობს “ოცნება” და ოპოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.

“არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილისთვის ურთულესი პერიოდია იმ გაგებით, რომ დესტრუქციული გეგმა განავითაროს. რასაკვირველია, მისი განცხადება პირდაპირ უპირისპირდება არა ახალ არჩეულ პრეზიდენტს, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

“ბოლომდე შეეცდება, რომ ეს გეგმა განავითაროს, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სანამ საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი სალომე ზურაბიშვილია.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გამოხმაურებები ყაველაშვილის ფაქტორთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მასაც არავინ აღიარებს და ამას ღიად წერენ. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი და თუ ვინმე კითხვას სვამს, რა შედეგებზე გავდივარ, სწორედ ეს არის შედეგები. ამ ხანგრძლივ მშვიდობიან პროტესტს აქვს ეს შედეგები.

“ახლა ველოდები, ყაველაშვილს ნიკარაგუამ, ვენესუელამ მიულოცოს. ზოგადად, „ქართულ ოცნებას” ულოცავენ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. სირია ვეღარ მიულოცავს, იმიტომ, რომ ასადი აღარაა სირიაში. კი აირჩიეს ე.წ პრეზიდენტი, მაგრამ რა ფუნქციით და რა შინაარსით, უკვე ძალიან წარმოუდგენელია.

“მას ფაქტობრივად, კონტაქტი და კომუნიკაციაც ვერ ექნება ვერავისთან. ამიტომაც შეირჩა ყაველაშვილი, რომ არც მას ჰქონდეს დიდი ინტერესი ვინმესთან კონტაქტი დაამყაროს. ყაველაშვილი ხომ არაა იმისთვის, რომ აქტიურად იმუშაოს, იმისთვისაა შერჩეული, რომ არაფერი აკეთოს. უბრალოდ ერქვას რაღაც, იჯდეს თავისთვის და ფეხბურთს უყუროს საღამოობით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსთან”.