იტალიელი ევროპარლამენტარი – საქართველოზე კომენტარი რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ არ ვიღებთ რეზოლუციას ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელების ხოცვაზე

საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს, – ამის შესახებ იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვეშვებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს. დროს ვკარგავთ, მაგრამ რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ხმას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აძლევენ და არა იმის, რაც კალასსა და ფონ დერ ლაიენს სურთ“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები მთელ ევროპაში მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები ქუჩებში გამოდიან და მეტ უფლებებსა და პალესტინელი ხალხის უფლებების დაცვას ითხოვენ.

„ევროკავშირი ორიენტირებულია საქართველოზე, ახლახან არჩეული მთავრობა სხვა ინტერესებს ატარებს და ვინც ნატო-ზე ზრუნავს ამას აპროტესტებს. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და არა სხვებზე ზეწოლასა და მუქარას“, – აღნიშნა იტალიელმა ევროპარლამენტარმა.