“ივანიშვილს მძიმე მომავალი ელის! ვინც დღეს ელაქუცება, ყველა უკლებლივ გაწირავს და იტყვის, მის დავალებებს ვასრულებდითო”- დავით ჭიჭინაძე

„ალიას“  ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

 


– ბატონო დავით, თქვენ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მალე  ამ ხელისუფლებას „ციხის კადრების“ ტოლფასი დანაშაული გამოუაშკარავდება, რომელიც მას გადაიყოლებსო…

– ამ ბოლო პერიოდში ვინც გარდაიცვალა, ხელისუფლება ყველას დისკრედიტაციას ცდილობს. ყველაფერს აკეთებენ, გარდაცვლილს ისე შეულახონ რეპუტაცია, საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ გარდაცვლილი, მოკლული, მისი ოჯახის წევრები, დამნაშავენი არიან, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილები – დაზარალებულები. თავდაყირა დააყენეს ეს ყველაფერი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება ძალოვანი სტრუქტურების მიერ… ხელისუფლება, მათი მხარდამჭერები, ისე ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს დაღუპულები საზოგადოების თანაგრძნობის ღირსნი არ არიან და მათი სიკვდილით, დიდი ტვირთი მოიშორეს. ეს მიდგომა, ეს ძალისხმევა, თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ჩართულია ამ საქმეების ჩაფარცხვაში. ლუკა სირაძის  საქმეშიც ასე იყო, ასეა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეშიც და ბევრის გახსენებაც შეიძლება კიდევ. ლუკა სირაძემ თავი დეკემბერში მოიკლა და დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე.


– ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე, პოლიციის გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მიიყვანა. ეს ქალბატონი „ნაცების“ დროს უდანაშაულო ადამიანებისთვის „საქმის შეკერვისა“ და ციხეში გაშვების დიდოსტატი იყო და ეჭვი არ მეპარება, ამ ხელისუფლების დროსაც იმავეს აგრძელებდა.

– ჩოლოიანმა ძალიან ბევრი იცის ძალოვანების უკანონო ქმედებების შესახებ.  შესაძლოა, ისეთებიც იცის, ჩვენ რომ ვერც წარმოგვიდგენია.  ჩოლოაინებით არის გატენილი ძალოვანი  უწყებები და ესაა უბედურება. აგერ, პანდემიის დროს, კაცმა ბავშვის საჭმელი მოიპარა აფთიაქიდან და 2 წელი პირობითი მიუსაჯეს რამდენიმე დღეში. იმის ნაცვლად, ამ კაცს დახმარებოდნენ, რაღაცით თანადგომა გამოეხატათ მის მიმართ, ადგნენ და დასაჯეს, კაცი ნასამართლევი გახადეს. ახლა ის ბავშვი რომ გაიზრდება, მამა ნასამართლევი რომ  ეყოლება, გაუიოლდება ამით ცხოვრება? ან ამ კაცს ამით უფრო არ გაურთულეს ცხოვრება? კაცმა იმის  გამო მოიპარა, რომ უჭირდა, შვილი მშიერი ჰყავდა. აი, ეს არის მოქალაქეთა დაცულობა ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან – ვინც სუსტია, დაუცველი, იმას  ჭყლეტს და ანადგურებს. ვინც მილიონებს იპარავს და ვისაც გავლენიანი მფარველი და პატრონი ჰყავს, იმათ ხმასაც არ სცემენ. არ გვაქვს სახელმწიფო, კლასიკური გაგებით.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამო, უკვე იმდენი ადამიანი დააპატიმრეს, უკვე აბსურდამდე მიჰყავთ საქმე. თითქოს განგებ აკეთებენ ასე, უნდათ, რომ ერთი და ორი არ იყოს დამნაშავე, კვალი კონკრეტული ადამიანებისკენ არ წავიდეს. გაბნეული, ალოგიკური საგამოძიებო ქმედებებია. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც სახელმწიფო პირდაპირ თუ ირიბად არის ჩარეული, მისი ინტერესებია წარმოდგენილი, ყველა იმ საქმის ჩაფარცხვას და აბსურდამდე მიყვანას ცდილობენ. ეს არის პირველი ნიშანი უსამართლო სახელმწიფოსი.


– „ქართული ოცნების“ ლიდერები, მისი გავლენიანი მხარდამჭერები, ჯერ იმას აცხადებდნენ, გიორგი ვაშაძესთან და გიგა ბოკერისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ მომავალ პარლამენტშიო, ახლა იმავეს ამბობენ მამუკა ხაზრაძეზე. ვატყობ, ძალიან ცუდი შედეგი უნდა მივიღოთ, არჩევნების შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ვერ მოიპოვა უმრავლესობა, საბოლოოდ გაშიშვლდება და იმ პოლიტიკურ ძალებს შეეკვრება, დღეს ვისაც ვითომ ებრძვის. ისინი დაბრუნდებიან, ვინც ხალხმა ძლივს გაყარა 2012 წელს.

– კი, ვიცი, რომ ყველა ერთია და ამიტომაც ვიძახი, რომ ამ არჩევნებზე არავისთან ვითანამშრომლებ, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის ადამიანები, რომლებიც თქვენს მიერ ჩამოთვლილ პოლიტიკურ პარტიებში არიან, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობის მიზნით იბრძვიან ხელისუფლებაში დასარჩენად თუ ხელისუფლების  მოსაპოვებლად. ხალხს დაბნეულობას უჩენენ, რომ მათ არჩევანი წაართვან, მათი უმთავრესი უფლება. ამ მიმართულებით მიჰყავთ ყველაფერი ამ ქვეყანაში. მარილიან და უმარილო პოპკორნს შორის რომ გქონდეთ არჩევანი, დაახლოებით ასეა დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ანუ არჩევანი არ უნდა გქონდეს, ყველა ვარიანტში მაინც პოპკორნი უნდა აირჩიო. ფინანსური ინტერესი აკავშირებთ ერთმანეთთან, ქვეყნის ძარცვის ინტერესი აქვთ ყველას და ეს არის მიზეზი, რომ საერთო ენას, როდესაც დასჭირდებათ, გამონახავენ, კოალიციასაც შეკრავენ და ნებისმიერი სხვა სახითაც ითანამშრომლებენ. სინდისი არ გააჩნიათ ამ პოლიტიკური ძალების ლიდერებს და იმიტომ. და ვინღა დარჩა? „ნაცმოძრაობა“? „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობაა“, ჯერ ერთი და „ქართულ ოცნებას“ რამდენი ჰყავს გადაპორტირებული „ნაციონალი“? ფაქტობრივად, ზღვარი აღარ არსებობს მათ შორის. ხალხი მათთვის მეათეხარისხოვანია. მთავარია, ამ ქვეყანაში მოსაპარი გაიყონ.


– უკვე მეცინება ზოგიერთი პოლიტიკოსის საქციელზე, მთავარია პოლიტიკაში დარჩნენ, ძარცვონ ქვეყანა და ხალხი და სინდის–ნამუსი საერთოდ აღარ აწუხებთ.

– „ვანოს ბიზნესმენებს“ რომ ეძახდნენ, სააკაშვილის და მისი გარემოცვის ყველა უზნეო ახირებებს რომ აფინანსებდნენ, ის ხალხი შეიკრიბა ერთად. ვეღარ გაძღნენ. ისევ ქვეყნის ძარცვა და გლეჯა უნდათ. ამ ქვეყანას წარსულში დაბრუნება არ სჭირდება. 21–ე საუკუნეა, წინ უნდა გავიხედოთ და წავიდეთ, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. უკან, წარსულში დაბრუნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებში არ არის. მოდის არჩევნები და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი. იმედია, საკადრის პასუხს გასცემს ამ გადაგვარებულ პოლიტიკურ ელიტას.


– კორონაპანდემიის მეორე ტალღა დაანონსა ხელისუფლებამ. ითქვა, რომ „ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება,  ამ დროს უკვე შემოღებული იქნება გარკვეული შეზღუდვები, ნაწილს მერე შემოიღებს და ხალხს არ მისცემს ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის გამოხატვის საშუალებასო. ამასთან, უცხოელი დამკვირვებლებიც ცოტანი იქნებიან არჩევნებზე და ესეც ხელისუფლებისთვის იმუშავებსო. თქვენ რას ფიქრობთ?

– უკვე გამოგვიცხადეს, რომ მეორე ტალღის პიკი ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში იქნებაო. არც მალავენ, პირდაპირ გვეუბნებიან, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ დააწესებენ იმ შეზღუდვებს, რასაც  საჭიროდ ჩათვლიან, რაც მოესურვებათ. სიმართლე გითხრათ, თუ ქართველი ხალხი ღირსებას შეველევით და გახარიების, ტიკარაძეების სურვილებს დავემორჩილებით, სახლებში ჩავიკეტებით და ამას არ გავაპროტესტებთ, მაშინ მაგის ღირსებიც ვიქნებით. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება. ყოველთვის მოიძებნება ღირსეული ადამიანების ჯგუფი, რომელიც გააპროტესტებს, წინააღმდეგობას გაუწევს ამათ სურვილებს. ქართველი ხალხი ისტორიულად, ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა მოძალადეებს და ვფიქრობ, ამ მოძალადეებსაც საკადრის პასუხს გასცემს. არც ქუჩაა ჩვენთვის უცხო და არც სხვა მეთოდები ბრძოლისა. ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ წართმეული კონსტიტუციური უფლებები დავიბრუნოთ.
– ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა და კორონაეპიდემიას სულ „აფიორა“ ეძახეს. ამბობენ, რომ უაზრო შეზღუდვებია და ამას ვაპროტესტებთ ბერლინში, ბრიუსელში, პარიზსა და ლონდონშიო. აქ, საპროტესტო აქციებზე 200–300 კაცი ძლივს იყრის თავს. რისი და ვისი იმედი გაქვთ, რომ თუ არჩევნები გაყალბდა და პროტესტის შეკავება ხელისუფლებამ შეზღუდვებით დააპირა, ხალხი მაინც გამოვა გარეთ და არ შეეპუება ამ შეზღუდვებს? არავინ უშლის და ახლა არ გადიან გარეთ და მერე გავლენ, როდესაც გასვლას დაუშლიან?

ერთია, რომ არჩევნებს ველოდებით, მან რაღაც ცვლილებები უნდა მოიტანოს და თუ ყველაფერი იგივე დარჩა, არა მგონია, ამას ხალხი შეეგუოს. რაც შეეხება ევროპაში გამართულ აქციებს, იქ ხალხი ითხოვდა თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს, მეტს არაფერს აპროტესტებდა. ჩვენი ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიება და რასაც ისინი ეუბნებიან, იმას აკეთებენ. სხვა ვითარებაა ამერიკაში. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ებრძვის ამ ორგანიზაციას, ამ მართლაც კორონა–აფერას. ებრძვის გლობალისტებს. ჩვენი ხელისუფლება გლობალისტურია და ვერანაირად ვერ შეძლეს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.  ისევ წარსულს მისტირიან და ისევ  გლობალისტებისა და ამერიკელი დემოკრატების დაფრთიანებული პოლიტიკური ელიტა გვყავს. სამყარო იცვლება, ადამიანების აზროვნება იცვლება და ეს საქართველოშიც ხდება. ლამაზი სიტყვა აქვთ მოგონებული, ტრანსფორმაცია, მაგრამ ეს არის ზუსტად რევოლუცია. ეს რევოლუცია კი საქართველოშიც მოხდება. მოიშორებს ხალხი ამ დამყაყებულ პოლიტიკურ ელიტას. არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას და გამოვა და გააპროტესტებს.


– ბევრი ანგარიშგასაწევი ექსპერტი უწინასწარმეტყველებს ამ ხელისუფლებას, რომ შესაძლოა, არჩევნები მოიგონ, მაგრამ რამდენიმე თვეში დატოვონ ხელისუფლება იძულებით, რადგან საქართველოში  გარდაუვალია ეკონომიკური კრახი, საბოლოოდ, ქვეყნის დეფოლტი და ეს 2021  წელს მოხდებაო. შესაძლოა, ასე მოხდეს?

– ზოგადად, მე ვიძახი, რომ ხელისუფლებაში ყოფნა აღარ იქნება ტკბილი, რადგან გასაძარცვი ცოტაღა დარჩა და ეკონომიკა ემხობათ თავზე. ბიუჯეტიდან მალე მოსაპარი აღარაფერი იქნება, ისეთ დღეში ჩააგდეს უკვე  ქვეყანა. არც მალავენ ამას. გიორგი გახარიამ განაცხადა, მომავალი წელი მძიმე იქნებაო. ამათთვის უკვე დაბნელდა, ხელს აფათურებენ სიბნელეში. პროგრამა ამათ არ აქვთ, გეგმა ამათ არ აქვთ. ახლა, იმას რომ იტყვიან, 5%–იანი ეკონომიკური ვარდნა წინსვლააო, მაგის მერე რაღა უნდა ელაპარაკო? ნათია თურნავა, ივანე მაჭავარიანი, გიორგი გახარია, რა გითხრათ ახლა, ეს ყველაზე დიდი ანომალიაა, რაც შეიძლება მომხდარიყო – ამათი მინისტრობა და პრემიერ–მინისტრობა. ბუღალტრის კურსები აქვთ ზოგს გასავლელი. მაჭავარიანს ეგ კურსები „ჯეოსელში“ აქვს გავლილი. აი, გახარიას და თურნავას, პირდაპირ გეტყვი, სხვისი მსახურების მეტი არაფერი უკეთებიათ. ვისაც ემსახურებოდნენ, ისინი ამ ქვეყანას მხოლოდ ძარცვავდნენ.  ვანო ჩხარტიშვილის მსახურმა რა უნდა შექმნას სასიკეთო ამ ქვეყანაში? ეკონომიკა დანგრეულია და ხალხი მძიმე დღეშია. აღარ შეეგუებიან ამათ პარპაშსა და შავი „ჯიპებით“ გრიალს. გადმოსვამენ მაგ მანქანებიდან. გასაქცევად რომ ექნებათ მალე საქმე, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არც  გაქცევა იქნება მაგათთვის გამოსავალი. ამ და კიდევ მრავალმა სხვა ადამიანმა, ვინც ეს ქვეყანა ასეთ დღეში ჩააგდო, პასუხი უნდა აგონ. ბიძინა ივანიშვილს მძიმე მომავალი ელის. ასეთი დამოკიდებულება ხალხისადმი, მას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ის ხალხი, ვინც დღეს ელაქუცება, ყველა უკლებლივ დაადებს ხელს და იტყვიან, რომ ჩვენ ივანიშვილის დავალებებს ვასრულებდითო და გასწირავენ. ახი კი იქნება მასზე. ეს დრო მალე მოვა, შორს არ არის. ყველა აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე, ყველა!

ალია