კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი – სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა.

სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურადურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღნიშნული განმარტება ბრალდებულმა მაშინ გააკეთა, როდესაც მას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ჰკითხა, ცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ.

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – განაცხადა ბექა ჯაიანმა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და მისი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვებად ცნო.

პროკურატურამ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. მისივე თქმით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე სისტემატურად ძალადობდა და სახეზეა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. პროკურორის თქმით, არ არსებობს არანაირი მოცემულობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე.

რაც შეეხება თავად ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, მათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ მოუთხოვიათ, განმარტეს მხოლოდ ის, სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს ბრალდებაზე, რომლის თანახმად, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე „გენდერის ნიშნით სისტემატურად ძალადობდა“.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია. როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს არცერთი გარემოება იმისა, რომ რაიმე ნაწილში სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს. მისი თქმით, რადგანაც ბრალდებულმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემა.

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 126- მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.