ოპოზიცია ეუთო/ოდირის დასკვნას ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს. წინასწარი დასკვნა მათ ძალიან ცუდად შეაფასეს და ახლა გაუხარდათ, მაშინ, როცა საბოლოო დასკვნა წინა დასკვნის ანალოგიურია და ოდნავ ვრცელი სახით არის წარმოდგენილი. იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში არცერთი პუნქტი არ ეთმობა ოპოზიციის მიერ დასახელებულ ბრალდებებსა თუ საკითხებს.
„ის კითხვები და სპეკულაციები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნა გახმოვანებული, არანაირი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდრის დასკვნაში. რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს. ჩვენ ეუთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნებიც გვინახავს, შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო/ოდირის ძალიან მძიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში საერთოდ არ შეხებიან იმ საკითხებს, რომლებზეც ოპოზიცია სპეკულირებდა, არანაირი 300 000 ათასი გაყალბებული ხმა, 300-ს გაყალბებულ ხმაზეც არ არის საუბარი. ემიგრანტებზე, უცხოეთში არჩევნების ჩატარებასთანაც კი შენიშვნები საერთოდ არ გახმოვანებულა.
პირველ შემთხვევაში შეაფასეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის თითქოს კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა ღიად, მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი იმას კი არ დაეძებენ, რა წერია დასკვნაში, არამედ როგორ გააპიარებენ, მაგრამ ეს სპეკულაცია არ გავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.