ზურაბ ჯაფარიძე: დადგება ეტაპი, როდესაც ივანიშვილს მოუწევს, იძულებული გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთადერთი საკითხი იქნება ახალი არჩევნები

უწყვეტმა პროტესტმა, რომელმაც ასობით ათას ადამიანს მოუყარა თავი, უკვე ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გარე რეაქცია და მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან არის იმ პროტესტის შედეგი, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 26-ე დღეა, მიმდინარეობს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც არჩევნები გაიმართა 26 ოქტომბერს. თითქმის ორი თვე გავიდა და არჩევნების შედეგებს აღიარებს რუსეთის მხოლოდ რამდენიმე სატელიტი ქვეყანა. მთავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ყველა ის ადამიანი, ვინც გამოდის თუნდაც ნახევარი საათით, აკეთებს ძალიან დიდ საქმეს. საბოლოოდ, ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ ქვეყანას კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და გავუდგეთ სამშვიდობოს ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მანვე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს“.

„არა, მე არ მგონია, რომ ეს შეხვედრა შედგება და ივანიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს. არ მგონია, რომ ჯერ მაგ ეტაპზე ვართ მისული, მაგრამ მივალთ აუცილებლად. დადგება ეგ ეტაპი, როდესაც ივანიშვილს მოუწევს, იძულებული გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ მოლაპარაკების ერთადერთი საკითხი იქნება ახალი არჩევნები. ჩემი აზრით, ჯერ მანდ არ ვართ და ივანიშვილი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ის წასულია. როგორც კი მაგ მომენტამდე მივალთ, მერე დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ, არ მჯერა, რომ ახლა მივა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.