„ბოლომდე წაიკითხეთ სტატუსი სანამ დაიპუტავთ თმებს: მე არ მინდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ქართულ წარმოებას გაანადგურებს“ – ქართველი ბიზნესმენის თამამი განცხადება

ქართველი ბიზნესმენი, CARU-ს დამფუძნებლის და დირექტორის ნიკა აბაშიძის მოსაზრებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ქართულ წარმოებას გაანადგურებს.

“ცოტა უცნაურ რამეს ვიტყვი ახლა, ამიტომ ბოლომდე წაიკითხეთ სტატუსი სანამ დაიპუტავთ თმებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კომპანიებისთვის მიღწევა იქნება ევროკავშირში გაერთიანება, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მე არ მინდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ქართულ წარმოებას გაანადგურებს და ამის ეკონომიკურად დადასტურებული არგუმენტებიც მაქვს.

თუმცა, მთავარი არაა მე რა მინდა, მთავარია უმრავლესობას რა უნდა, უმრავლესობას უნდა ევროკავშირი, ამიტომ ჩემნაირების აზრებმა უნდა გადაიწიოს უკანა ფლანგზე და მთავრობამ ქვეყანა უნდა წაიყვანოს ევროკავშირისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი გამოცვლის მთავრობას. და სწორიცაა, ყველა უნდა გამოცვალოს ვინც ხალხის ნებას შეეწინააღმდეგება. მე უფრო სხვა რამეზე ვნერვიულობ, გუშინ ვინც ხალხს ურტყამდა ისინი უნდა დაისაჯონ მკაცრად, რადგან ეს თუ შერჩათ მომავალში უარესის მოხდენის დიდი ალბათობაა. მახსოვს 2007 და ვიცი. აქვე გავიმეორებ იაგოს სიტყვებს რომ ოპოზიცია თუ არ გამოიცვალა, ძალიან გაჭირდება მათი გამარჯვება. მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს ეს ასეა, იაგო ამ შემთხვევაში სწორს ამბობს…”, – წერს ნიკა აბაშიძე.