ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი აფეთქების შედეგად ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი Ursa Major-ი ჩაიძირა. ინფორმაციას რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში რუსული მშრალი ტვირთის გადამზიდავი Ursa Major-ი სამანქანო განყოფილებაში აფეთქების შედეგად ჩაიძირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა. ყველანი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, შემთხვევა ესპანეთსა და ალჟირს შორის საერთაშორისო წყლებში მოხდა. გემი ორი კვირის წინ სანქტ-პეტერბურგიდან გამოვიდა და იანვრის ბოლოსთვის ვლადივოსტოკის პორტში უნდა შესულიყო.