ჩვენს მართლაცდა აუტანელ ცხოვრებაში, რომელიც სიავის მეტს არაფერს გვთავაზობს, იშვიათობაა ისეთი გამონათება, როგორიც პატარა ნაპერწკალს იძლევა ოპტიმიზმისა და იმისა, რომ მთლად წყალწაღებულები არ ვართ; რომ სიღრმისეული აზროვნება, ყოვლისმომცვლელი შემორჩენილია ქართველში და ისიც ძველი თაობის წარმომადგენელში.
ახალზე ზედმეტია ლაპარაკი. ისინი ძველი თაობის ისეთი წარმომადგენლის, როგორიც ვიქტორ რცხილაძეა, ვერ გაიგებენ, ვერ ჩაწვდებიან სიბრძნეს, ესოდენ ლაკონურად გადატანილს ქაღალდის გვერდნახევარზე. „მე ვარ სატანა და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“ — აი ამ სათაურით შეაჯანჯღარა ბატონმა ვიქტორმა საზოგადოება — გაუგებარი რევოლუციის ტალღაზე ანთებული.
შეაჯანჯღარა მეცნიერმა, უაღრესად განათლებულმა პიროვნებამ, რომლის ნათქვამი თქვენთვის არაფერია — სიღრმისეული ნააზრევის წვდომისთვის საჭირო განათლების არმქონეთათვის, მაგრამ ბატონი ვიქტორის წარსული უდავოდ დაგაინტერესებთ — დისიდენტური.
„ორჯერ გამოვიარე რუსული ციხეები და გადასახლებები (1964 და 1978 წლებში), როდესაც, ჩემი ჭკუით, რუსეთს ვებრძოდი“ — წერს ბატონი ვიქტორი.
და კიდევ: „არანაირად არ მსურს ეს „ფერადი რევოლუცია“, რომელიც ბოროტების სინონიმია, რომელიც ჩემს სამშობლოს დაამცირებს, რომელიც სათავეში მოიყვანს მღვრიე სისხლის მქონე და უკრაინისა და ევროკავშირის დროშების მოტრფიალე ხელისუფლებას, კვლავ რუსეთთან ომის მოსურნე ავისმქნელებს“.
უკეთესად ვერვინ იტყოდა. იტყოდაო — შემედავებიან. და მერე თუ იტყოდა, სად არის?
სამზარეულოშიც აღარ ამბობენ, არათუ საჯაროდ. აღარ ამბობენ, იმიტომ, რომ მომხმარებლურმა ბუნებამ შეცვალა ქართველი, ერთ დროს სამშობლოს ბედით მოდარდე. კუჭი გახდა ჩვენი სადარდებელი. პატარის, საშუალო ასაკის, უფრო მაღალის — ბატონო ვიქტორი გამონაკლისია, თანაც იშვიათი, როგორც თეთრი ლომი.
განვლილმა 32 წელმა ე.წ. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა, რაც მოგვიტანა მიტინგები და უცოდინარი, გაუნათლებელი საზოგადოების საპროტესტო გამოსვლებია პარლამენტის შენობასთან, რომელსაც მშვიდობიანს ვერ დავარქმევთ.
„მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პარლამენტის შენობის მიმართულებით, ფანჯრების მსხვრევა და შენობისთვის ცეცხლის გაჩენის მცდელობა, პირველი სართულის ოთახებისთვის ცეცხლის წაკიდება — გადის მშვიდობიან მიტინგში?
მთელი დასავლეთი, როგორც ერთი, მოითხოვს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას; ვინც თავი ვერ შეიკავა, იმათ დასჯას.
პოლიციელის, რომელსაც თავში კეტს ურტყამენ, თვალებში საწამლავ გაზს აფრქვევენ ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები, უპასუხოდ უნდა დატოვოს, თავდამსხმელს, თავზე ხელი გადაუსვას და ხულიგნობა შეუქოს?
პოლიციელი, რომელსაც თავში კეტს ურტყამენ, საკუთარი თავის დასაცავად რომ ძალას გამოიყენებს გასაკვირია?
ის, ამ შემთხვევაში თავს იცავს. მას, ასეთ დროს, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი აქვს დასაცავი და არა ხელისუფლება, სამშობლო.
პოლიციელმა არ უნდა გადაამეტოს უფლებამოსილებასო — აცხადებენ ერთობ უგუნური დასავლელები.
იციან მათ ან აქაურმა ოპოზიციონერებმა სად გადის იმ პოლიციელეის უფლებამოსილება, რომელსაც ქვას ესვრიან, დაწვას უპირებენ, მუჯლუგუნებით უსწორდებიან? ახსოვს თავდასხმის მომენტში პოლიციელს ინსტრუქცია? იქნებ პოლიციელისთვის დაგვევალებინა ინსტრუქციის ხელში დაჭერა და მომიტინგის თავდასხმის დროს, მის მიმართ მოქნეული კეტისგან თავის დაცვამდე, ინსტრუქციის სასწრაფოდ გადაკითხვა, და მხოლოდ წაკითხვის შემდეგ რეაგირება თავდამსხმელის აგრესიაზე?
ჭკუის დამრიგებელი ამერიკა-ევროპა წამითაც არ იხსენებს საკუთარი პოლიციის სისასტიკეს, მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოვლენილს. აშშ-ი, პოლიციელი, რომელიც კანონდამრღევის ავტომანქანას აჩერებს, „დამნაშავეს“ არ უბრძანებს ავტომანქანიდან გადმოსვლას და თუ „დამნაშავე“ შეეცადა, პოლიციელი უმალ ცეცხლს ხსნის.
საპროტესტო მიტინგებს, გამოსვლებს, პოლიციასთან შეტაკებებს, ქუჩებში ბარიკადების აღმართვას რა მოთვლის იმ „დალოცვილ“ დასავლეთში?
იქ, ჩვეულებრივად აღიქმება ცხენზე ამხედრებული პოლიციელების შეჭრა პროტესტანტთა რიგებში და მათი თრევა-თრევით პოლიციის ავტომანქანებში შეყრა; რეზინის ტყვიებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენება.
საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი მოგვიწოდებს პოლიტპატიმართა დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ, ისე, როგორც მომიტინგეთა წინააღმდეგ პოლიციელთა გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის პოლიციელთა დასჯისკენ. ეს, ის მაკრონია, რომელმაც ახლახანს, ახალ კალედონიაში, საფრანგეთის კუთვნილში (როგორც საფრანგეთი თვლის) სასწაული სისასტიკე ჩაიდინა დამოუკიდებლობის მსურველ ადგილობრივთა გამოსვლების დროს.
არანაკლები იყო პარიზსა და სხვა ქალაქებში ფერმერთა წინააღმდეგ ამხედრებული პოლიციელების საქციელი.
დასავლელები თავიანთი პოლიციელების სისასტიკეს არაფრად მიიჩნევენ. ისინი წესრიგს და კანონს იცავენო — ამბობენ. აქაურები წესრიგს არ იცავენ. აქაური პოლიციელები, სადისტური ჟინით აღვსილნი, თვით გამოდიან მშვიდობიან მომიტინგეებზე სანადიროდ?
თვით არა, მაგრამ ხელისუფლების ბრძანებით. ხელისუფლების, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ქართველ ხალხს — ევროპაში შესვლის მსურველს გზა-კვალი აუბნია — ნაცვლად დასავლეთისა, ჩრდილოეთისკენ ექაჩებაო.
დასავლეთს არ მოსწონს „ოცნების“ ხელისუფლება. და რომ არ მოსწონს, არჩევნების ჩატარებასაც უწუნებს, ყალბად მოიხსენიებს, ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თუ „ოცნება“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდება და იმ ახალშიც გაიმარჯვებს, ვითარება არ შეიცვლება. დასავლეთი ისევ ახალ არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. და ეს უსასრულოდ გაგრძელდება, ვიდრე თვით „ოცნება“ არ გამოაცხადებს თავს დამარცხებულად.
გავიხსენოთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მეორე ტურში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. არ გაუმარჯვიაო — ბრძანა აშშ-ა და მსოფლიო საარჩევნო ისტორიაში, მესამე ტურის გამართვა მოითხოვა, რომელშიც გაამარჯვებინა იუშჩენკოს, თავისსავე უკრაინელ სიძეს. მას ცოლად ჰყავდა უკრაინული წარმოშობის ამერიკელი — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ჩუმაჩენკო.
ხელისუფლების გასაგონად ვამბობ — თავით რომ კაკალი დაუმტვრიოთ დასავლეთს „ოცნებელო“ გოგო-ბიჭებო და ასაკოვანო ივანიშვილო, არაფერი გამოგივათ, ვინაიდან მათ აღარ სურთ თქვენი ხილვა ხელისუფლებაში. და არა მარტო მათ. ისინი სისტემატურად გაიძახიან — ქართველ ხალხს აღარ სურს „ოცნების“ ხელისუფლებაო.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციის მიერ დაგროვილი 40% ალაპარაკებს მათ. 40%, მიღებული ოპოზიციის მიერ, სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხს ოპოზიცია ხიბლავს და მისი ხელისუფლებაში მოსვლით ეშველება ქვეყანას. თუ ვინმე ასე ფიქრობს, მათ შორის ოპოზიცია, ღრმად სცდება.
ამომრჩეველმა (40%) მხარი ოპოზიციას დაუჭირა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს „ოცნება“; არ მოსწონს ამ პარტიის დამფუძნებელი ივანიშვილი; არ მოსწონს მისი 12-წლიანი მმართველობა.
ოღონდ „ოცნება“ არ იყოს და სულ ერთია ვინ იქნებაო — აცხადებს ამომრჩეველთა 40%. სხვაგვარად ახსნა ამ გადაწყვეტილებისა გაუგებარია, ვინაიდან პოლიტიკური გემოვნებადაქვეითებულიც კი საარჩევნო ყუთთან მისვლისას რომ გაიხსენებს, თუ ვის აძლევს ხმას — ხაზარაძეს, ბოკუჩავას, ჯაფარიძეს, აქუბარდიას, ელისაშვილს, ვაშაძეს, … უმალ გაქვავდება, მაგრამ რა ქნას, მას არჩევანი არ აქვს.
ასე რომ, 40%-იანი მარცხი „ოცნებისა“, ოპოზიციის გამარჯვება სულაც არ არის, „ოცნების“ საწინააღმდეგო ნაბიჯია, პარტიის, რომელმაც 12-წლიანი მმართველობა კითხვა-პასუხის დონემდე დაიყვანა. 12 წელია ოპოზიცია ლანძღავს ხელისუფლებას. 12 წელია ხელისუფლება პასუხობს ოპოზიციის ლანძღვას.
მოსახლეობის მოლოდინი, ივანიშვილის დაპირებებიდან გამომდინარე რომ არ შესრულდა, თვით მოსახლეობასაც აღარ უკვირს. „ოცნებამ“ მოსახლეობა მიაჩვია არასახელმწიფოებრივ აზროვნებას და ამასთანავე იმას, რომ თუ „ოცნება“ არ მოსწონს, მიიღებს ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას.
12 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ვერ იხილა, ვერ მოისმინა „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, დემოგრაფია, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება, მედიცინა და ა.შ.
ნაცვლად, უყურა „ოცნების“ დამფუძნებლის, ივანიშვილის „ბოტანიკოსობას“, ზვიგენებისა და პინგვინების სიყვარულს, საკუთარი ბაღჩა-ბაღისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნიკალური ხეების მოთხრას, აფრიკიდან ბაობაბის ტრანსპორტირებას, სხვა ისეთ საქციელს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო და არის.
მოსახლეობამ, ვერც რუსეთთან დანაპირები ურთიერთობის „დალაგება“ იხილა და ვერც სააკაშვილის მიერ გაწყვეტილი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების, ანუ დიპლომატიურის აღდგენა. რაც მან იხილა, ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის, რუსეთში „მოღვაწე“, სხვა ე.წ. შავი ბიზნესმენების ღობე-ყორეს მიდებ-მოდება, არასერიოზული, არასახელმწიფოებრივი, ქვეყნის იმიჯის დამამცირებელი.
რუსეთში არსებული ქართული დიასპორა, მისი ხელმძღვანელობა გაურკვეველი საქმეებით დაკავებული, ძირითადად თაღლითურით, სერიოზული განხილვის თემა უნდა იყოს „ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თუმცა მის სამწუხაროდ, ისე, როგორც ჩვენს, მსგავსი თემის მიმართ დაინტერესება არ გამოხატულა. არათუ დიასპორის, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მუშაობაც კი ხელისუფლების სერიოზული განხილვის თემა არ ყოფილა, თვით საგარეო უწყების მუშაობა ხელისუფლებას არ შეუფასებია.
აი, სწორედ ამის შედეგია 26 ოქტომბრის არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნეგატიური კენჭისყრა „ოცნების“ საწინააღმდეგოდ; ელჩების მიერ თანამდებობის დატოვება — ანტისახელისუფლებო განცხადებებით.
არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება და არც იმას, რომ საქართველოს, რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რუსეთში საარჩევნო უბნების არგახსნა. რუსეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. რატომ ვეუბნებით მათ უარს საქართველოსთან კავშირზე?
არ მოგვწონს ისინი, მაგრამ მათ მიერ თავიანთი ნათესავებისთვის გამოგზავნილი მილიონები თუ მოგვწონს, მაშინ მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობაც უნდა მოგვწონდეს?!
ბევრი სახელოვანი ქართველი მოღვაწეობს რუსეთში, მათ შორისაა მსოფლიოში სახელგანთქმული კარდიოქირურგი ლეო ბოკერია. 20 დეკემბერს, რუსეთის მთავარმა ტელეკომპანიამ „როსია-24“ ნახევარსაათიანი სიუჟეტი გაუშვა ეთერში ბრწყინვალე ქართველზე. იცის ამის თაობაზე „ოცნების“ ხელისუფლებამ? და თუ იცის, აქვს თუ არა მას კავშირი ბოკერიასთან? შესთავაზა თუ არა მას კარდიოლოგიური ცენტრის გახსნა თბილისში — ბოკერიას სახელობის, რესპუბლიკრი საავადმყოფოს მიტოვებულ შენობაში?
ვისი ან რისი გეშინიათ, ივანიშვილებო?
ბოკერია მედიცინაა და არა პოლიტიკა. ბოკერია სახელოვანი ქართველია და არა რუსი ეროვნების ადამიანი. რუსიც რომ იყოს, თუ ის საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, ხელისუფლებამ უკან არ უნდა დაიხიოს.
ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამსახურს — სახელმწიფო ბიუჯეტით დაპურებულს. რომ აკონტროლებდეს, სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლების ჭაჭანება არ იქნებოდა პარლამენტის წინ პერმანენტულად მიმდინარე მიტინგებზე.
ვერ აკონტროლებს უმაღლეს სასწავლებლებს. რომ აკონტროლებდეს, არც სტუდენტები იქნებიან მიტინგზე.
მიტინგობანამ თავი იჩინა კუთხურობაშიც, მაგალითად ასეთში — გურულები მიტინგზე. ცუდი მაგალითი გადამდებიაო — ამბობენ და გურულების ესტაფეტას იმერლები, მეგრელები, კახელები, სხვები აიტაცებენ.
კუთხურობას, დარგობრიობაც მიემატა, ტურიზმის მუშაკები, სხვები. ხელისუფლება დუმს, უმოქმედოდ შეჰყურებს ქვეყნის დაქუცმაცებას, ნგრევას.
ყველა ისინი მოითხოვენ ევროკავშირში შესვლას, რასაც ხელს უშლის „ოცნების“ ხელისუფლება — მათი გაგებით. მათ არ იციან, რომ ოპოზიციის მსგავსად, შესაძლოა უფრო მეტად, „ოცნების“ ხელისუფლებას სურს ევროკავშირში შესვლა.
„ოცნებას|“ პრორუსულობის არაფერი აქვს საერთო. ისიც, ისეთივე პროდასავლურია, როგორიც ოპოზიცია. „ოცნება“ რომ პრორუსული იყოს, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებსაც აღადგენდა და ნორმალურ კავშირებსაც დაამყარებდა, დსთ-შიც შევიდოდა, 3X3 ფორმატშიც მიიღებდა მონაწილეობას; „ბრიკს“-ში გაწევრებაზეც იფიქრებდა, „შოს“-შიც და „ოდკბ“-შიც. მაგრამ არა. ის ჯიუტად ევროკავშირისკენ იყურება, დარწმუნებული იმაში, რომ 2028 წლის ევროკავშირი სხვაგვარი იქნება, „პროქართული“.
შეგახსენებთ, 3X3 ფორმატი, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის ინიციატივაა — ეკონომიკური და არა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი, ამიერკავკასიისა და რუსეთის, თურქეთის, ირანის მონაწილეობით.
სცდებით, ნაკლებად პატივცემულებო. ევროკავშირი, აშშ-ს ფინია, გლობალიზმის მომხრე, ანტიეროვნული, ვერასდროს გახდება ისეთი, საქართველოს ინტერესი რომ გაითვალისწინოს.
ბრიუსელი, საქართველოზე დიდ და საქართველოსთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ რუმინეთის ინტერესს არ ითვალისწინებს, რახანია ევროკავშირის წევრის და საქართველოს ინტერესს გაითვალისწინებს?
გაოცებს „ოცნების“ ხელისუფლებისა და ივანიშვილის სუვერენულობის უმდაბლესი ხარისხი, ისე, როგორც თავმოყვარობის უქონლობა. არაპატივცემულებო, თუ თქვენ იტანთ ევროპელთა მხრიდან დამცირებას, შეურაცხყოფას, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ თქვენს უკან საქართველოა, მისი შეურაცხყოფა სუვერენიტეტის, საჩუქრად მიღებული დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვაა.
თუ ასე გიყვართ ევროპა და მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, იქ იცხოვრეთ. თქვენ არ უნდიხართ ევროკავშირელებს და რაც არ უნდა თავი დაუხაროთ, არაფერი გამოგივათ — უმჯობესი იქნებოდა საკუთარი და ქვეყნის ღირსებიდან გამომდინარე მიგემართათ იმ ორგანიზაციებისთვის, ზემოთ რომ ჩამოვთვალე; მიგემართათ მართლმადიდებელ რუსეთისთვის, ისტორიულად საქართველოს ფიზიკურად გადამრჩენისთვის. ნუ ამყარებთ იმედს თითო-ოროლა ევროპარლამენტარზე, რომელმაც ევროპარლამენტის სხდომაზე თქვენს სასარგრბლოდ ენა დაისველა და რა მოჰყვა მათ გამოსვლას?
მეორე დღესვე, იტალიის, ესპანეთის, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადება, მათივე ქვეყნების პარლამენტართა გამოსვლების საწინააღმდეგო.
ბრიუსელმა უბრძანა ამ ქვეყნების საგარეო უწყებებს და იმათაც თავიანთი გადაფურთხებული ალოკეს. იტალიას, ესპანეთს, რუმინეთს რომ ასეთს აკადრებს ბრიუსელი, ევროკავშირში გაწევრებულ საქართველოს (ცხადია, აბსტრაქციაში) რაღას უზამს?
უფრო მეტიც, ბრიუსელმა გააუქმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ოპოზიციონერი კანდიდატის მიერ პირველ ტურში გამარჯვების გამო. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ რუმინეთის ადგილი ნატოში არ არის; რომ რუმინეთმა არავითარი დახმარება არ უნდა გაუწიოს უკრაინას.
საქართველოს ელჩები ბალტიისპირა ქვეყნების საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ხელისუფალთა ანტიევროპული პოლიტიკის გამო და როგორც მე ვიცი საკმაოდ შეახურეს.
პასუხად, საქართველოს ხელისუფლებამ სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ პატივს სცემს ამ ქვეყნების ხალხებს, სურს მათთან ურთიერთობა.
ბალტიისპირა ქვეყნები, აშკარად მტრულად განწყობილნი ჩვენი ხელისუფლების მიმართ, უაღრესად პოზიტიურად ოპოზიციისადმი, ანტისახელისუფლებო სანქციების ინიციატორები არიან ევროკავშირში. რეაგირება „ოცნების“ მხრიდან არ ჩანს.
დიპლომატიაში მიღებული წესების მიხედვით, თუ ერთი ქვეყანა, მეორეს აკრიტიკებს, ლანძღავს, გალანძღული ქვეყნის საგარეო უწყება პასუხად, წარმდგენი ქვეყნის, ანუ მლანძღველის ელჩს იბარებს და საყვედურს გამოხატავს. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ ელჩს საკონსულტაციოდ იწვევს სამშობლოში.
კონსულტაცია ხანგრძლივი პერიოდით შეიძლება გაგრძელდეს, რაც მანიშნებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების.
არაფერი მსგავსი საქართველოს ხელისუფლებაში არ ხდება. ხელისუფლება შეეჩვია საკუთარ სახეში სილის გაწვნას და ნაცვლად შესაბამისი პასუხისა, მეორე ლოყას უშვერს შეურაცხმყოფელს. ივანიშვილმა, კობახიძემ, სხვა „ოცნებელმა“ ლიდერებმა იოლად შეიძლება აიტანონ სილის გაწვნა, მაგრამ ქვეყანამ?!
დიპლომატიური ანბანის უცოდინრობა კარგს არაფერს უქადის ქვეყანას.
ზემოთ ვახსენე მიტინგებში საჯარო სამსახურების თანამშრომლების მონაწილეობა, ისე, როგორც ბიზნესის. ერთ-ერთი მათგანის, ტურიზმის სფეროს მუშაკის, ქალბატონის განცხადებაც მოვისმინე — ჩვენ ევროპაში გვინდა, ვინაიდან გვინდა ევროპელი ტურისტები, სოლიდური, სოლიდური თანხების მხარჯველები და არა რუსები, რომლებიც მხოლოდ იაფფასიან ხინკალს ეტანებიან და მეტს არაფერსო.
ქალბატონს რუსი ტურისტი არ ხიბლავს, ვინაიდან იაფფასიან ხინკალს ჭამს. ხიბლავს ევროპელ-ამერიკელი.
მოდით შევხედოთ სტატისტიკას, ციფრებით არ გადაგღლით, უბრალოდ გეტყვით, რომ საქართველოს ტურიზმის 80% რუს ტურისტებზე მოდის. რუსი ტურისტები მოდებულია მთელს მსოფლიოში, თან ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა ავღანეთი, პაკისტანი, ჩრდილო კორეა, ვიეტნამი, ტაილანდი, თურქეთი, სხვა ქვეყნებია.
რუსი ტურისტები მიუღებლები გახდნენ ევროპის ქვეყნებში, რამაც ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და ა.შ. ტურისტული შემოსავალი კატასტროფულად შემცირდა. ეს ქვეყნები ეხვეწებიან რუსებს იქ ჩასვლას, ვინაიდან რუსი ტურისტები ყველა სხვა ქვეყნის ტურისტთან შედარებით მხარჯველია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს რუსმა ტურისტებმა 33 მილიარდი დოლარი დახარჯეს. რუსი ტურისტებით უდგას სული საქართველოს ბიუჯეტს.
ვითომ მხარჯველი ამერიკელი ან ევროპელი ტურისტი საქართველოში არ ჩამოვა, ვინაიდან აქ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები, მომსახურება, სასტუმროები, გართობა. პესტიციდიან თურქულ პომიდორს, ირანულ ნიორს და ხახვს, სომხურ ტარხუნას და სხვა ბოსტნეულს მათთვის არვითარი მიმზიდველობა არ აქვს, არც ცომსა და ხაჭოში აზელილ ხაჭაპურს.
ვინც ტურიზმის სფეროში მუშაობს, კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველო ტურიზმის თვალსაზრისით კოჭლი სამიანის დონეზეც არაა. ასე რომ, ნუ ელით მდიდარ ამერიკელ ან ევროპელ ტურისტს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მსოფლიოს დღევანდელი აბურდული პოლიტიკური ვითარება, ტერორისტული აქტები და რაც მთავარია ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისა არ იძლევა ტურიზმის მიმართ პოზიტიურ განწყობას.
მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის წლიური ეკონომიკური მატება, ერთად აღებული 1%-საც ძლივს აღწევს, ხოლო ერთ დროს ევროპის ლოკომოტივის, გერმანიის — 0%-ს. აღნიშნულის ფონზე, რუსეთის 4% გიგანტურად მოსჩანს.
და ბოლოს ისევ მიტინგები და იქ მისული ტურიზმის სფეროს მუშაკები. მიტინგზე იმიტომ მიდიხართ, რომ ტურიზმი იყოს?
ტურიზმს, თქვენივე განცხადებით სიმშვიდე, სტაბილურობა უყვარს. თქვენ კი საწინააღმდეგოდ იქცევით, რითაც არა მარტო ტურიზმს ვნებთ, არამედ ქვეყანას.
ჯინ შარპის (Gene Sharp) — „ფერადი რევოლუციების“ ავტორის, რომელმაც თუ მეხსიერება არ მღალატობს 198 მეთოდი შეიმუშავა ამ „კეთილშობილური“ საქმისა. ერთ-ერთი შეგონება არის პროპაგანდით, მოწოდებებით, მიტინგებით, ხალხის დარწმუნება, რომ ხელისუფლება არის მისი მტერი; ხელისუფლებასა და ხალხს შორის უფსკრულის გაჩენა.
სწორედ ამ პროცესს აქვს ადგილი საქართველოში, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებიც კი, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმულები, უჯანყდებიან ხელისუფლებას — საგანგაშო ზარებია არა მარტო ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის. ხელისუფლება კი დუმს. და თუ არ დუმს, შეცდომას-შეცდომაზე უშვებს. ასეთს, დუმილი სჯობს. მაგრამ სადამდე?
ჰამლეტ ჭიპაშვილი