უკრაინამ გაყინული რუსული აქტივების შემოსავლისგან 1 მლრდ დოლარი მიიღო

გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლისგან უკრაინამ აშშ-სგან 1 მლრდ დოლარი მიიღო. ამის შესახებ ტელეგრამში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

„ეს არის პირველი ტრანში დაგეგმილი 20 მლრდ. აშშ დოლარიდან, რომელსაც აშშ უკრაინას გამოუყოფს გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე“, – განაცხადა შმიგალმა.

შმიგალმა აშშ-ს და მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა „სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის“. მისი აზრით, ყველა სუვერენული რუსული აქტივის კონფისკაცია და უკრაინის აღდგენაზე გამოყოფა უნდა მოხდეს.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კიევისთვის 20 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებით მოხდება.

G7-ის გადაწყვეტილების მიხედვით, ეს ფული უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას მოხმარდება. ასევე ფულის დახარჯვა ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენაზე იგეგმება.