კობა ლურსმანაშვილის დავალებით მოქალაქე სცემეს?! -სკანდალი “ქართული ოცნების” მაჟორიტარის ირგვლივ

„ნიუსფრონტი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე ავთანდილ შველიძე,  “ქართული ოცნების” ხარაგაულის მაჟოტირარ დეპუტატს – კობა ლურსმანაშვილს ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებს და გენერალურ პროკურატურაში უჩივის.

ამ თემაზე ვესაუბრეთ ავთანდილ შველიძის ადვოკატს ლაშა გოლუბიანს.

  • ბატონო ლაშა როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი უმრავლესობის დეპუტატს კობა ლურსმანაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, იქნებ მოგვიყვეთ კონკრეტულად რა მოხდა და რატომ ადანაშაულებს დეპუტატს?
    ბატონი ავთანდილი დამიკავშირდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც მოვუსმინე და დოკუმენტაციას გავეცანი არ დაგიმალავთ და მეც გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი ცემის ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ, თუ რა მოხდა. ავთანდილ შველიძე გახლავთ ხანშიშესული (პენსიონერი) პიროვნება, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.  სიბერეში დაუბრუნდა სოფელს, ხარაგაულის რაიონში აქვს მამა-პაპური მიწის ნაკვეთი და უნდოდა მისი დამუშავება.
    როგორც თვითონ აცხადებს, წინა ხელისუფლებამ 2004-2012 წლებში უკანონოდ ჩამოართვა ქონება და ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია სამართალს.
    რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, მისი განმარტებით უკანონოდ უზღუდავენ მიწით სარგებლობის უფლებას და დევნიან სხვადასხვა მეთოდებით, რაშიც ჩართულია სოფლის რწმუნებული ამირან კამკამიძე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და მისი ყოფილი პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე.
    2016 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რა დროსაც ავთანდილ შველიძემ მინისტრს ხელიდან ხელში გადასცა წერილობითი განცხადება მისი დევნის შესახებ, იქვე იმყოფებოდა კობა ლურსმანაშვილი, რომლის თანდასწრებითაც გადასცა წერილი.
    მინისტრის წასვლისთანავე კობა ლურსმანაშვილმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად ავთანდილ შველიძეს მოუწყო „საქმის გარჩევა“ და თხოვდა განმარტებებს იმაზე, თუ როგორ გაბედა მათი მინისტრთან „ჩაშვება“.
    2016 წლის 03 მარტს ავთანდილ შველიძე ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც საკუთარ ეზოში თავს დაესხა და სცემა სამმა პიროვნებამ. აღნიშნული პირები კი იყვნენ: გივი თავზარაშვილი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, მურმან არჯევანიძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი და მამუკა კიკნაძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის მძღოლი.
    ზემოთხსენებული პირები ერთი საათის განმავლობაში აწამებდნენ ავთანდილ შველიძეს, ცდილობდნენ მისგან გაურკვეველი ინფორმაციის მიწოდებას, პერიოდულად სცემდნენ, კერძოდ კი ურტყამდნენ მუშტს თავის არეში. ცემის და წამების შედეგად ავთანდილ შველიძემ მიიღო ტვინის შერყევა და დაუზიანდა მარცხენა ქვედა კიდური. აღნიშნული ცემის ფაქტს შეესწრო მისი ორი მეზობელი.
  • თქვენ ფიქრობთ რომ მისი ცემა კობა ლურსმანაშვილმა შეუკვეთა?
    ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ, მაგრამ ის ფაქტი, რომ უშუალოდ კობა ლურსმანაშვილმა უსაყვედურა თეა წულუკიანისთვის წერილის გადაცემის გამო და მისი თანაშემწე, მრჩეველი და მძღოლი მონაწილეობდნ ავთანდილ შველიძის ცემაში, ბადებს გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ კობა ლურსმანაშვილის დავალებით მოქმედებდნენ აღნიშნული პირები.
    შსს-ს ხარაგაულის რაიონულმა სამმართველომ ავთანდილ შველიძის ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იგი გამოძიების ფარგლებში სცნეს დაზარალებულად. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის წერილებით ირკვევა, რომ საქმეზე გამოკითხულმა პირებმა დაადასტურეს მიწასთან დაკავშირებით დავაზე ავთანდილ შველიძესთან მისვლა, თუმცა უარყვეს მისი ცემა, ან სხვა სახის შეურაცხყოფის მიყენება. რის გამოც საქმეზე კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. საქმეში არსებული მასალებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „ავთანდილ შველიძეს პირადი შემოწმების მომენტისთვის მარჯვენა წვივზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავთანდილ შველიძის პიჯაკზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის ხევის და ღილის წყვეტის სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.“
  • თქვენი ვარაუდი გარკვეულწილად, მტკიცებულებებით მყარდება, როგორ ფიქრობთ რატომ არ დასაჯეს დამნაშავეები?
    ზესტაფონის რაიონული პროკურატურა ადასტურებს, რომ ავთანდილ შველიძეს ნამდვილად დაუზიანდა ქვედა კიდური და ქონდა ტვინის შერყევა, სცნეს დაზარალებულად, თუმცა ამბობენ, რომ თითქოსდა, არ დასტურდება მისი ცემის ფაქტი, ეს იმ დროს, როდესაც მოძალადეებმა აღიარეს მასთან სახლში მისვლა მიწის საკითხის გასარკვევად, ამ დროს ავთანდილ შველიძე იმყოფებოდა სახლში მარტო და ის რომ თვითდაზიანებებს ვერ მიიყენებდა ფაქტია. მოძალადეეები, ბუნებრივია, უარყოფდნენ დანაშაულის ჩადენის და ძალადობის ფაქტს, მაგრამ სახეზე გვაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც საკმარისი იყო დამნაშავეთათვის ბრალის წარსადგენად და საქმის სწორი კვალიფიკაციით სასამართლოსთვის გადასაცემად.
    სახეზე გვაქვს მოწმეთა (მოძალადეთა) ჩვენებები სადაც ადასტურებენ, რომ ავთანდილ შველიძესთან ნამდვილად მივიდნენ იმ დროს სახლში, სახეზე გვაქვს ავთანდილ შველიძის ჩვენება რომ ის უმოწყალოდ ცემეს ერთი საათის განმავლობაში, ამას ამყარებს ექსპერტიზის დასკვნებიც, მას აღენიშნება ფეხის დაზიანება, ტვინის შერყევა და პიჯაკი აქვს შემოხეული. ეს მტკიცებულებათა ერთიანობა საკმარისი იყო მოძალადეთა პასუხისგებაში მისაცემად. ამას ემატება ის, რომ სამივე მათგანი იყო საჯარო მოხელე, ორი თანამდებობის პირი (გამგებლის მრჩეველი და გამგებლის თანაშემწე და ერთიც გამგებლის მოადგილის მძღოლი). გამგეობის მაღალჩინოსნები რატომ უნდა მისულიყვნენ სახლში ავთანდილ შველიძესთან?! – მოტივიც სახეზე გვაქვს – შურისძიება! ის დასაჯეს იმის გამო, რომ მან თეა წულუკიანთან ამხილა მათი ქმედებები.
    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ უკვე ახალი განცხადებით, სადაც ვითხოვთ გამოძიების განახლებას და საქმის გადმოსვლას უშუალოდ გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში, ვინაიდან ზესტაფონის რაიონული პროკურატურის ნდობა ავთანდილ შველიძეს აღარ აქვს. იმედი გვაქვს მოახდენენ სათანადო რეაგირებას, განაახლებენ გამოძიებას, გამოავლენენ და კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან დამნაშავეებს.
    მანამდე კი საზოგადოებას თვითონ შეუძლია დასკვნები გამოიტანოს. – აცხადებს  „ნიუსფრონტთან“ ინტერვიუში ადვოკატი გოლუბიანი.

P.S.: „ნიუსფრონტი’ იმედს იტოვებს, რომ  სიმართლე გვიან, მაგრამ  მაინც გაირკვევა…