სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს იმპიჩმენტი გამოუცხადა

სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰან დოკ სუ. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

ჰან დოკ სუ

იმპიჩმენტს მხარი 192 დეპუტატმა დაუჭირა. ეს არის ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს იმპიჩმენტს უცხადებენ, წერს სააგენტო.

იმპიჩმენტის ინიციატორი მთავარი ოპოზიციური „დემოკრატიული პარტია“ იყო. იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჰან დოკ სუმ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა, რადგან მან 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მოგვიანებით იუნ სოკ იოლმა აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. მოგვიანებით საომარი მდგომარეობა გაუქმდა.