მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ლიდერი ავსტრიის მთავრობას დააკომპლექტებს

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა მემარჯვენე-პოპულისტური „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ ლიდერს ჰერბერტ კიკლს მთავრობის დაკომპლექტება დაავალა. პრეზიდენტი და კიკლი 6 იანვარს ჰოფბურგის სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰერბერტ კიკლი

„ბატონი კიკლი დარწმუნებულია, რომ ის სამთავრობო მოლაპარაკების დროს სწორ და ქმედუნარიან გადაწყვეტილებებს მიიღებს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება სურს“ – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერი მოლაპარაკებას გეგმავს ავსტრიის კონსერვატიულ პარტიასთან და პრეზიდენტს მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

თუ „კონსერვატორებთან“ პარლამენტში მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, ავსტრიის კანცლერის პოსტს პირველად ისტორიაში მემარჯვენე პოპულისტების ლიდერი დაიკავებს.

მანამდე ავსტრიის კონსერვატიულ პარტიას და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის საპარლამენტო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა. მოლაპარაკების ჩაშლის ძირითადი მიზეზი ის გახდა, რომ „სოციალ-დემოკრატები“ გადასახადების გაზრდას მხარს უჭერენ, ხოლო „სახალხო პარტია“ ამას ეწინააღმდეგება.