უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო კანადასთან მიმართებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმების გამო წუხს და უკრაინელებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
„კანადა „დიდი შვიდეულის“ წევრია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკაა. ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ადამიანები ინგლისურად საუბრობენ და ამერიკულ კონტექსტში ძალიან არიან ჩართულნი. მაგალითად, მათ ჰოკეის საერთო ლიგა აქვთ. ბევრი საერთო ბიზნესი, ვარსკვლავი და კავშირი. და მას ასე ელაპარაკებიან. ახლა უკრაინაზე დაფიქრდით. და ჩვენი ადგილი ამ მაგიდასთან არის“, – დაწერა გონჩარენკომ.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ თავის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ განიხილავს ეკონომიკური ძალის გამოყენებას კანადის მიერთებისთვის. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში რუკები გამოაქვეყნა, სადაც კანადა ამერიკის ნაწილია.