ილონ მასკი: ამერიკელი ხალხი ცვლილებას ითხოვს. ჩემი რეკომენდაცია გერმანელებისთვისაც იგივეა: მკაფიოდ ვურჩევ გერმანიის მოსახლეობას, თუ უკმაყოფილო ხართ არსებული მდგომარეობით, ხმა მიეცით პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“

მკაფიოდ ვურჩევ გერმანიის მოსახლეობას, თუ უკმაყოფილო ხართ არსებული მდგომარეობით, ხმა მიეცით პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებულმა ილონ მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან, ალის ვაიდელთან ინტერვიუში ისაუბრა.

ამერიკელი მილიარდერი

„ამერიკელი ხალხი ცვლილებას ითხოვს. ჩემი რეკომენდაცია გერმანელებისთვისაც იგივეა. მე ძალიან მკაფიოდ ვურჩევ გერმანიის მოსახლეობას – თუ უკმაყოფილო ხართ არსებული მდგომარეობით, უნდა მისცეთ ხმა ცვლილებას. სწორედ ამიტომ, მტკიცედ ვურჩევ ადამიანებს, ხმა მისცენ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, – აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ მხოლოდ ამ პარტიას შეუძლია გერმანიის გადარჩენა.

ამასთან, ილონ მასკმა ინტერვიუში, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომს „ძალიან სწრაფად“ მოაგვარებს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად გადაჭრის. ეს კონფლიქტი, უკვე რამდენიმე წელია, ჩიხშია. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ის მოხდა, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, არანაირი წინსვლა არ არის“, – აღნიშნა მასკმა.

თავის მხრივ, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ალის ვაიდელმა თავადაც გამოთქვა იმედი, რომ დონალდ ტრამპი ომს მალე დაასრულებს.