WP: აშშ-ის სასამართლომ ლგბტქ+ სტუდენტების დაცვის კანონში ბაიდენის მიერ შეტანილი ცვლილებები გააუქმა

აშშ-ის სასამართლომ შტატ კენტუკის შემდეგ ეროვნულ დონეზე გააუქმა ქვეყნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ფედერალურ კანონში „კარი IX“ შეტანილი ცვლილებები, რომელიც ლგბტქ+ სტუდენტების დისკრიმინაციისგან დაცვას უზრუნველყოფდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

მოსამართლემ დაადგინა, რომ კანონში შესწორების შეტანა ბაიდენის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება.

ოლქის მოსამართლემ დენი რივზმა გააუქმა 1500 გვერდის შემცველი კანონი და დაადგინა, რომ ის იურიდიულ უზუსტობებს შეიცავდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს კანონი ქვეყნის 26 შტატში უკვე შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ ის მკვეთრად გააკრიტიკეს.

The Washington Post-ი აგრეთვე აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე დარჩა, ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ მისი გაპრეზიდენტების პირველივე დღეს გააუქმებდა ამ წესებს და ტრანსგენდერების წინააღმდეგ მიმართული თემები მისი საპრეზიდენტო კამპანიის ცენტრალურ ნაწილად აქცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ეს კანონი ტენესიში, კენტუკიში, ინდიანაში, ოჰაიოში, ვირჯინიასა და დასავლეთ ვირჯინიაში გაასაჩივრეს.

როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, შტატ ტენესის გენერალურმა პროკურორმა ჯონათან სკრმეტიმ კანონი დაახასიათა, როგორც „ბაიდენის ადმინისტრაციის რადიკალური გენდერული იდეოლოგიის თავზე მოხვევის დაუღალავი მცდელობები“.

„ვინაიდან ბაიდენის წესი სრულად არის გაუქმებული, პრეზიდენტ ტრამპს ოფისში დაბრუნების შემდეგ „კარი IX“-ს დებულებებს შეუძლია ახლებურად შეხედოს“, – აღნიშნა ტენესის გენერალურმა პროკურორმა.

განათლების დეპარტამენტს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ შეუფასებია. ამასთან ერთად, რამდენიმე სამოქალაქო ჯგუფმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა და მას უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ „კარი IX“ კანონში ცვლილება გასულ წელს შეიტანა. კანონში, რომელიც 1972 წლიდან მოქმედებს, დამატებით ჩაიწერა, რომ განათლების სისტემაში ადამიანის დისკრიმინაცია სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დაუშვებელია. კანონში აგრეთვე სექსუალური შევიწროების რამდენიმე ახალი განმარტება ჩაიწერა.