ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა.
მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, პირველი ნიშანია, რომ საქართველოში ეტაპობრივად აღდგება საერთაშორისო ტურიზმი.
„მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ ეს სტატუსი, მაგრამ იმდაგვარად, რომ საფრთხე არ შეგვექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ეს სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. იმის მიუხედავად, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ ზაფხულის შიდა ტურიზმის სეზონი, გავხსენით ბიზნესები, მოვახერხეთ, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო კორიდორების ფარგლებში. ამას გარდა, დღევანდელი ღონისძიება მოწმობს, რომ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიოში საქართველოს უსაფრთხოების, ეპიდვითარების მართვის მიმართულებით,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად კონტროლირებადია და არსებული გამოცდილება საშუალებას იძლევა, ლოკალური ღონისძიებებით გაგრძელდეს ეკონომიკის მუშაობა.
„გადავედით ე.წ. ადაპტაციის ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ საყოველთაო კარანტინის და ბიზნესის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას, არ დავკეტავთ ეკონომიკას”,-აღნიშნა თურნავამ.
“ინტერპრესნიუსი”