„ჩნდება კითხვა, რა როლის შესრულება შეგვიძლია? ვფიქრობ, პირველი ის არის, რომ ეს როლი მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ. ამ პროცესში, ჩემი განსხვავება ბაიდენის ადმინისტრაციისგან არის ის, რომ მათ არასოდეს ასახეს ნათლად, რა იყო კონფლიქტის საბოლოო მიზანი, კონკრეტულად რას ვაფინანსებდით, კონკრეტულად რაში ვდებდით ფულს“, – ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ბევრ შემთხვევაში, საუბარი იყო, რამდენი დროც იქნება საჭირო, რამდენ ხანიც დასჭირდება [ომს]- ეს არ არის რეალისტური, წინდახედული პოზიცია. საქმე ისაა, რომ ამ კონფლიქტში რუსეთს არ შეუძლია მთელი უკრაინის წაღება, უკრაინელები მეტად მამაცები არიან და ძალიან ძლიერად იბრძვიან, ქვეყანა კი ძალიან დიდია – ეს არ მოხდება. ასევე არარეალურია იმის დაჯერება, რომ რაც უნდა დიდი ზიანი მიეყენებინათ მათ რუსეთის ფედერაციისთვის ამ შემოჭრის შედეგად, შეუძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთის ჯარი იქ დააბრუნოს, სადაც ისინი იყვნენ უკრაინაში შემოჭრამდე“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მისივე თქმით, უკრაინის პრობლემა არა ფულის ამოწურვა, არამედ ისაა, რომ მათ ცოცხალი ძალა ეწურებათ და საჭიროა გაბედული დიპლომატია, რათა ომი დასრულდეს.
„პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ უკრაინელები ეწურებათ. ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება. რთული იქნება ამაზე მუშაობა, არ იქნება ადვილი ამის მცდელობა, მაგრამ ეს მოითხოვს გაბედულ დიპლომატიას და იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი: უნდა იყოს დათმობები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ ასევე უკრაინელების მხრიდან. მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს იყოს ბალანსი დაცული“, – განაცხადა მარკო რუბიომ.