კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სიღნაღში 2, სოფელ მატანში 1 და ლაგოდეხში 1.

სიღნაღში, სადაც კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაუდასტურდათ, დაინფიცირების წყარო უცნობია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათი ტრანსპორტირება თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში იგეგმება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ვირუსი ე.წ ქორწილის კონტაქტის კონტაქტს აღმოაჩნდა. კაცი ახლა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა იგეგმება მისი თბილისში გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში. დაინფიცირებულის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ მატნის შესასვლელ-გასასვლელში ამ დრომდე მოქმედებს სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და უფასი PCR ტესტირება.

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ 520 ნიმუშია გაგზავნილი და პასუხები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”