“ატმოსფეროში შევიდა და დაიწვა. ნამსხვრევები კი ოკეანეში ჩავარდა”- კომპანია SpaceX-ის რაკეტის, Starship-ის მე-7 გაშვება წარუმატებლად დასრულდა

კომპანია SpaceX-ის რაკეტის, Starship-ის მე-7 გაშვება წარუმატებლად დასრულდა. ხომალდის პირველი საფეხური წარმატებით დაეშვა სტარტის მოედანზე. მეორე საფეხურს Raptor-ის ტიპის ექვსივე ძრავი ჩაერთო, მაგრამ მოგვიანებით ხომალდთან კავშირი გაწყდა, ის ატმოსფეროში შევიდა და დაიწვა. ნამსხვრევები კი ოკეანეში ჩავარდა. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.

Starship

„ზედა საფეხურის დაშორიშორების შემდეგ Starship-ზე Raptor-ის ტიპის ექვსივე ძრავი წარმატებით ჩაირთო და მან კოსმოსისკენ გეზი გააგრძელა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით მე-8,5 წუთზე ხომალდთან ტელემეტრია დაიკარგა. სავარაუდოდ, ხომალდის უკანა ნაწილში ხანძარი გაჩნდა, რამაც მისი განადგურება გამოიწვია, ხოლო ნამსხვრევები ატლანტის ოკეანეში ჩავარდა“,- განაცხადეს SpaceX-ში. მათ ასევე განაცხადეს, რომ ავარიის მიზეზებს სწავლობენ და ხომალდის მე-8 გაშვებისთვის ემზადებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი და აფეთქება ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას გააძლიერებენ და სავენტილაციო ხვრელის ზომას გაზრდიან.

Starship – ისტორიაში ყველაზე დიდი და მძლავრი რაკეტაა. მას 150 ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. ამ რაკეტით მთვარეზე და შემდეგ მარსზე ადამიანის გაფრენა იგეგმება.