ტრამპმა პირობა დადო, რომ ჯონ და რობერტ კენედების და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების დოკუმენტებს გაასაჯაროებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გაასაჯაროებს ყველა ჩანაწერს, რომელიც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. ამასთან, მისი ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს დოკუმენტებს რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა ინაუგურაციის წინა ღამეს ვაშინგტონში, Capitol One Arena-ზე გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება CNN.

„უახლოეს დღეებში ვაპირებთ, გამოვაქვეყნოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტ ჯონ კენედის, ასევე, მისი ძმის რობერტ კენედის და დოქტორ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებს და სხვა თემებს, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა“, – განაცხადა ტრამპმა.

პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების მოთხოვნით, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერები სრულად არ გამოაქვეყნა. თუმცა, საარჩევნო კამპანიის დროს მან პოზიცია შეიცვალა და თქვა, რომ დარჩენილ დოკუმენტებს გაასაჯაროებს.

მოგეხსენებათ, რობერტ კენედი უმცროსი, რომელიც ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩია, აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის რობერტ ფრენსის კენედის ვაჟია. ის 1968 წლის ივნისში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან დაიღუპა.