NYT: 2022 წელს ფრონტზე გამარჯვებების შემდეგ გენერალი მილი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებს სთავაზობდა, თუმცა ბლინკენი წინააღმდეგი იყო

2022 წლის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მარკ მილიმ კიევს, ფრონტზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამის წინააღმდეგი იყო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შემდეგ „რესპუბლიკელები“ ბლინკენის გადადგომას ითხოვდნენ, რადგან ამ ფიასკოში ისინი მას ადანაშაულებდნენ, თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბლინკენის „დრო დადგა“.

„როცა პუტინი თავდასხმისთვის ემზადებოდა, ბლინკენი ბერლინში სიტყვით გამოვიდა და გაიხსენა, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ პრეზიდენტები ჯონ კენედი და რონალდ რეიგანი საბჭოურ ხელისუფლებას, და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ დაიცავს საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს“, – წერს გამოცემა.

სახელმწიფო მდივანი არწმუნებდა მოკავშირეებსა და პარტნიორებს მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის, და საამისოდ 50 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია შექმნა, რომელიც დათანხმდა უკრაინას დაეხმაროს იარაღით და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღოს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, იმის გამო, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებებს არ გეგმავდნენ, ბლინკენი იყო „არა იმდენად მშვიდობისმყოფელი, რამდენად სამხედრო სტრატეგი“. კერძოდ, ის ხშირად ეკამათებოდა პენტაგონის ჩინოვნიკებს, რომლებსაც რისკზე წასვლა არ სურდათ. ის არწმუნებდა მათ უკრაინაში მძლავრი იარაღის გაგზავნის აუცილებლობაში.

ხოლო, როცა 2022 წლის ბოლოს მილიმ უკრაინულ მხარეს ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებების გამოყენება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, ბლინკენმა თქვა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.