Axios: მასკი ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს ჰან ჩჟენს შეხვდა. ინფორმაციას Axios-ი ჩინურ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ილონ მასკი

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე იყო დაპატიჟებული, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და ამერიკაში ვიცე-პრეზიდენტი გაუშვა.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ჰანმა მასკს შეხვედრაზე მოუწოდა ხელი შეუწყოს აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

„მასკმა თქვა, რომ Tesla მზად არის გააღრმაოს ინვესტიციები და თანამშრომლობა ჩინეთთან და აგრეთვე შეასრულოს აქტიური როლი აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში“, – ციტირებს Axios-ი ჩინურ გამოცემებს.

ჰანმა გამოხატა სურვილი, რათა ამერიკული კომპანიები, მათ შორის Tesla, შემოვიდნენ ჩინურ ბაზარზე და წარმატების გამოცდილება გაუზიარონ ჩინეთს, წერს გამოცემა.

გარდა მასკისა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა ამერიკა-ჩინეთის ბიზნეს საბჭოს, აშშ-ის სავაჭრო პალატისა და ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებს.