რუსეთის კრასნოდარის მხარეში მაზუთმა შავი ზღვის სანაპირო კიდევ ერთხელ დააბინძურა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მაზუთმა კრასნოდარის მხარეში პლაჟები ორი რუსული ტანკერის ჩაძირვის შემდეგ დააბინძურა. ოპერატიული შტაბის ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა სოფლებს, ბლაგოვეშენსკაიას და ვიტიაზევოს შორის მონაკვეთზე შეიქმნა. გაწმენდით სამუშაოებში 41 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობს, იქ მაშველები ვოლგოგრადის ოლქიდანაც კი ჩავიდნენ.
ორი ტანკერის კატასტროფა ქერჩის სრუტეში 15 დეკემბერს მოხდა. ტანკერებს, „ვოლგონეფტი-212“ და „ვოლგონეფტი-239“ საერთო ჯამში 8 000 ტონა მაზუთი გადაჰქონდათ. მაზუთის ნაწილი ზედაპირზე აღმოჩნდა, ხოლო ნაწილი ტანკერებთან ერთად ჩაიძირა და წყლის დათბობის შემდეგ შეიძლება კვლავ ზღვის ზედაპირზე ამოტივტივდეს.
მაზუთის დაღვრის გამო რამდენიმე ათეული დელფინი დაიღუპა, ასევე დაზარალდნენ ზღვის სხვა ცხოველები და ფრინველები.