უკრაინაში ქართველი დაქირავებული მებრძოლები ერთმანეთს დაერივნენ – ქართველმა ქართველი მოკლა

უცხოეთში საშოვარზე გადახვეწილ ქართველთა ნაწილი თავს ქურდობითა და ბანდიტობით ირჩენს. უკრაინაში კი ისინი დაქირავებულ ბოევიკებად გვევლინებიან, რომელთაც ფაშისტური ანტირუსული ლოზუნგები დაზეპირებული აქვთ.

მაგრამ მაინც სხვა არის, როდესაც ომში თითქოს ერთ მხარეს მებრძოლი ქართველები ერთმანეთში აწყობენ “რაზბორკებს”.

გაზეთი “კვირის პალიტრა” ბოლო ასეთ “გმირობაზე” უყვება თავის მკითხველებს და უკრაინელ ფაშისტთა რიგებში მყოფი ბოევიკებიც, რა თქმა უნდა, “გმირებად” ჰყავს გამოყვანილი, ნაცვლად იმისა, ხალხს ჟურნალისტმა აუხსნას, რომ არამართალი საქმისთვის (ნატოში უკრაინის შეთრევისთვის და რუსეთის პროვოცირებისთვის!) ზელენსკის მიერ ომში ჩათრეული უკრაინისთვის ბრძოლა უკადრისი საქმეა!

ქვემოთ გთავაზობთ იმ არეულ-დარეულ და სამარცხვინო ვითარებას, რომელიც სუფევს უკრაინაში ქართველ “მებრძოლებს” შორის:

“კვირის პალიტრა”:

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გიგი გნოლიძე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, მის ცხედარს კი მეგობრები ამ დრომდე ვერ პოულობენ. გნოლიძე დანაყოფ „თბილისელების“ წევრი იყო და ავდიივკაში, წინა ხაზზე იბრძოდა.

დიმა გნოლიძე:

– ჩემს ძმას, დათო გნოლიძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ გიგის სახლში მიუვარდნენ და იყო სროლები… მე და დათომ დავიწყეთ უკრაინაში რეკვა და სიტუაციის გარკვევა. რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, არის ის, რომ გიგი მოკლეს და მისი გვამი გაიტაცეს. მკვლელობის მიზეზებზე ათასნაირ ჭორ-მართალს გვიყვებიან, ზოგიერთი ისე აცდენილია რეალობას, მაშინვე ვხვდებით, რომ ტყუილია.

მე არც მკვლელობის მიზეზი მაინტერესებს და არც მოტივი, ჩემი უფროსი, გამზრდელი ძმის ცხედარი უნდა დავიბრუნო. ჯერ სხვა არაფერი მაინტერესებს, მერე დანარჩენსაც მივხედავ.

გიგას ამბავი ყველაზე მეტად გულთან ჩვენებურმა – ტყვიაველმა კაცმა, ვლადიმერ მერებაშვილმა მიიტანა. არ ისვენებს, დადის და ყველგან ეძებს, ყველა მორგი მოიარა, ცხელ წერტილებშიც კი შედის, მაგრამ ამ დრომდე ვერ პოულობს.

– იმ ბიჭებთან დაკავშირება თუ მოახერხეთ, ვისთან ერთადაც თქვენი ძმა თავდასხმის მომენტში იმყოფებოდა?

– კი, მათთანაც გავედით კავშირზე. სულ ხუთი კაცი ყოფილა ბინაში, გვიანი ღამე იყო, სამს ეძინა, ერთი თავდასხმის მომენტში გარეთ ყოფილა გასული, ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული იყო (რამდენიმე თვის წინ მცირეწლოვანი შვილი დაეღუპა უკრაინაში) და მაცივართან მდგარა, დანარჩენ სამს ეძინა. „თბილისელების“ მეთაური – გოჩა ხორავა, 12 უკრაინელთან ერთად სროლით შევარდნილა სახლში და გიგის მიმართულებით უსვრია, ადგილზე მოუკლავს ჩემი ძმა.

ერთი ავტომატის ტარით ისე დაუჩეჩქვავთ, რომ კომაში ჩავარდა. ახლახან გავიგე, რომ გონებაზე მოვიდა. ვლოცულობ, რომ ეგ კაცი მალე გამოჯანმრთელდეს.

ერთისთვის, რომელსაც მე ვესაუბრე, ბოთლი ჩაურტყამთ თავში და გაუთიშავთ. მისი ნათქვამი დამიდასტურა კიდევ ერთმა იქ მყოფმა პიროვნებამ. მითხრა, რომ გიგის ნამდვილად ხორავამ ესროლა და მისი ცხედარი ნამდვილად გაიტაცა. მე მას ვკითხე, – შენ თუ ფეხზე იდექი და დაჭრილი არ იყავი, გიგის ცხედრის გატანის საშუალება რატომ მიეცი-მეთქი? – მითხრა, რომ ეძინა, ხმაურზე გაიღვიძა და იატაკზე დაგდებული გიგი დაინახა. თავი იმართლა, ხელყუმბარა გავხსენი და ხორავას კისერზე შევახტი, თან ვუყვიროდი, სასწრაფო გამოიძახე, თორემ ყველაფერს ავაფეთქებო, მაგრამ ვეღარ ავაფეთქე, ჩვენს ბიჭებსაც ხომ არ დავხოცავდიო. ხორავას უთქვამს, დააგდე იარაღი, შენთან არაფერი მესაქმებაო და თავის ბიჭებს უყვიროდა, ეს (გიგიზე) გაიტანეთ, დროზე, მანქანაში ჩადეთო.

– რად უნდოდა ხორავას თქვენი ძმის ცხედარი?

– საქმის ჩასაფარცხად, შეიტანდა ფრონტის ხაზზე და იტყოდა, რომ რუსებმა მოკლეს. თუმცა, არ გამოუვიდა, საქმე გაუსკდა.

– იმ ადამიანების სახელების და გვარების დასახელება თუ შეგიძლიათ, რომლებიც თქვენს ძმასთან ერთად იყვნენ და რომლებსაც თქვენ ესაუბრეთ?

– მე ვარ კაცი, რომელსაც ძმა მოუკლეს, არავისი მეშინია, რა თქმა უნდა, ყველას გვარ-სახელის დასახელება შემიძლია, მაგრამ არ ვიცი, იმ ბიჭებს უნდათ თუ არა. ისიც არ ვიცი, ახლა რა სიტუაციაში არიან ან რა საფრთხის წინაშე დგანან. ამ საკითხს სიფრთხილით იმიტომ ვეკიდები, რომ ვლადიმერ მერებაშვილს, რომელიც ჩემი ძმის ცხედარს დაეძებს, რამდენჯერმე მიუგზავნეს მკვლელები. არავის საფრთხეში ჩაგდება არ მინდა, მე მხოლოდ ჩემი ძმის ცხედრის დაბრუნება და შემდეგ მისი მკვლელის შესაბამისად დასჯა მინდა.

ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია შემომდის, მეტყვიან, ამა და ამ მორგშია შენი ძმაო, მე მერებაშვილს ვურეკავ, ის მაშინვე გარბის, მიდის მორგთან და – არაფერი… ათამდე მორგში მყავს უკვე გაგზავნილი. ხუთ მორგთან ხალხი დაახვედრეს. მეექვსე ჯერზე მე მოვაბრუნე გზიდან, იმიტომ, რომ დამირეკეს და მითხრეს, – დიმა, ბოლოს რომ დაგირეკეს იმ მისამართზე არავინ გაუშვა, იცოდე, ხალხს დაახვედრებენო. ხორავას ხალხმა იცის, რომ მერებაშვილი მეხმარება და მისი მოშორებაც უნდათ.

– იმ ხუთ შემთხვევაში როგორ გადარჩა?

– ერთ-ერთ მისამართზე რომ გავგზავნე, ვიდეოზარით ველაპარაკებოდი და ჩემი თვალით ვხედავდი, რომ ოთხი კაცი დაუხვდა. სამი მათგანი დაჟინებით სთხოვდა, საქმეს რომ მორჩები, ჩვენთან ამოდი, ვისადილოთო. წავიდნენ და უთხრეს, გელოდებითო. მეოთხე დარჩა და მინიშნებით დაუწყო ლაპარაკი, რომ არ წასულიყო, ე.ი. იმ ერთმა ვერ გაიმეტა და ნიშანი მისცა. ძალიან ცუდი ამბავია მომხდარი.

– რატომ უნდა ნდომებოდა ხორავას თქვენი ძმის მოკვლა, კონფლიქტი ჰქონდათ?

– ხორავას კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ არა – ჩემს ძმასთან. მე როგორც ვიცი, ბიჭებს არ მოსწონდათ ხორავა, როგორც მეთაური. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრებიც ჰქონდათ და ფიზიკური დაპირისპირებაც, მაგრამ ამ ამბავში ჩემი ძმა საერთოდ არ იყო გარეული. უფრო მეტიც, გიგის “ფეისბუქის” გვერდზე ბოლო აქტივობა მაგ არაკაცთან ერთად გადაღებული ვიდეოების გაზიარებაა. არ ვიცი, რატომ მოკლა, ისიც არ ვიცი, უნდოდა თუ არა გიგის მოკვლა ან საერთოდ ვინმეს მოკვლა. ფაქტი ერთია, ჩემი ძმა მოკლა ხორავამ. ძალიან რთულია ჩემთვის ამ საკითხზე ფიქრი, მიჭირს მკვლელობის მიზეზი ახსნა.

– უკრაინის საგამოძიებო სამსახურებიდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე?

– არავინ დაგვკავშირებია, არც უშიშროებიდან და არც პოლიციიდან. მხოლოდ მებრძოლ ბიჭებთან მაქვს კომუნიკაცია. ისიც კი არავის უთქვამს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა პირველი ქართველი არ არის, ვინც ხორავამ მოკლა. დიახ, ის არის მკვლელი და არა – მეომარი.

– ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

– მესამე პირის ნაამბობს არ გიყვებით, მე და ჩემი ძმა ხშირად ვსაუბრობდით, ხშირად უთქვამს, რომ ხორავასთან დაკავშირებით ცუდი ეჭვები ჰქონდა. რამდენჯერ ვთხოვე, წამოდი მაგ ადამიანისგან, საერთოდ წამოდი უკრაინიდან-მეთქი. ვერ წამოვალ, საქმეს და ჩემს მეომარ ძმებს ვერ მივატოვებო.

– რა ეჭვები ან ინფორმაცია ჰქონდა გიგის?

– ჯერ ჩემი ძმის ცხედარი უნდა ვიპოვო და არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ხორავამ ბევრი შეცდომა დაუშვა და სწორედ ამ შეცდომების გამო უნდოდათ მისი მეთაურობიდან გაშვება.

ვლადიმერ მერებაშვილი:

– ეს შემზარავი და სამარცხვინო ამბავი 15 იანვრის ღამით მოხდა – ქართველმა ქართველი მოკლა. გიგის მტერმა ვერაფერი დააკლო, რომელ მიმართულებაზე აღარ იბრძოლა, რა რისკზე არ წავიდა, რამდენი ტყვია აიცილა და ბოლოს საკუთარი მეთაურის ხელით მოკვდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გიგის ცხედარი მოიპარა… იმ სახლში, სადაც გიგი მოკლეს – ქალაქ პაკროვსკაიაში. სახლი პირდაპირ ცხელ ხაზთან არის და აბსოლუტურად დაუცველია, არავინ დარაჯობს შემთხვევის ადგილს და ძალიან მარტივია მტკიცებულებების განადგურება. ერთ დრონს შეუძლია ყველა მტკიცებულების დაწვა. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული გიგი გნოლიძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვაში, მაგრამ არ გამოუვათ, უკვე მთელმა უკრაინამ იცის, რომ გოჩა ხორავამ მოკლა გიგი გნოლიძე, მისმა ამფსონებმა ირაკლი რურუა ისე სცემეს ავტომატის კონდახით, რომ ყველა ძვალი დაუმტვრიეს, სამი დღე კომაში იყო. ზურა გოგუას თავში ბოთლი ჩაარტყეს.

– როგორც მითხარით, ხორავა უკვე დაკავებულია. პოლიციამ ვერ ათქმევინა, სად წაიღო გიგი გნოლიძის გვამი?

– არ ვიცი, რა ათქმევინეს ან რა მუხლით ჰყავთ დაკავებული, ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. შეიძლება გიგის მკვლელობა ნაღმი აღმოჩნდეს…

– რას გულისხმობთ?

– შეიძლება ძალიან ცუდი ამბავი გასკდეს. ამაზე ლაპარაკი მტკიცებულებების გარეშე არ მინდა. გიგის მეგობრები საფრთხეში ვართ, პირადად მე არა ერთხელ შემომითვალეს მუქარა. მინდა იცოდეთ, რომ თუ ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებთ, რუსის მოკლული არ ვიქნები ე.ი. გიგის მტრებმა მომკლეს. „დიდგორის“ მებრძოლი ვიყავი, მაგრამ ფოსფორში მოვყევი, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა და სახლში ვმკურნალობ. შესაბამისად, ფრონტის ხაზზე არ ვარ და რუსები ვერ მომკლავენ. მე იმ მაღალჩინოსნების გვარ-სახელები ვიცი, ვინც ამ მოღალატე ქართველს მფარველობს. მესმის, რომ უცხო ქვეყანაში ვარ და მეტი სიფრთხილე მმართებს, მაგრამ… გადავწყვიტე, ყველაფერი ვთქვა – მოღალატე ქართველს გენერალ-ლეინტენატი კრასელნიკოვი და პოლიციელი სერგეი ვიქტოროვიჩ კარკოვსკი მფარველობენ. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ, თუ დამიბარებენ პროკურატურაში, ყველაფერს ვიტყვი.

– თქვენი ვერსია რა არის, რატომ შეიძლება მოეკლათ გიგი, ხოლო, მასთან ერთად მყოფი პირები ცოცხლები დაეტოვებინათ?

– მე მგონია, რომ გიგი ისეთ საუბარს შეესწრო, რაც არ უნდა მოესმინა. ..

დავით აბულიძე:

– გიდასტურებთ, ცუდი ამბავი მოხდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს, მძიმედ დავიჭერი ფეხში და ექვს თვეს დამჭირდა მკურნალობა რეაბილიტაციისათვის. როცა დავბრუნდი, გოჩას უკვე ყველაფერი არეულ-დარეული ჰქონდა. ბიჭები შემოეცალნენ, ორ კაცთან ერთად სპეცდანაყოფ „შავ არწივში“ იყო გადასული. მეც შემომთავაზა წავყოლოდი, მაგრამ აღარ წავყევი. მერე იქიდანაც წამოვიდა.

– დანაყოფი „თბილისელები“ დატოვა და ისე გადავიდა „შავ არწივში“?

– არა, „თბილისელები“ იყო უცხოური ლეგიონის შენაერთი. ხორავამ დაარღვია კონტრაქტი უცხოურ ლეგიონთან და რამდენიმე ბიჭთან ერთად „თბილისელების“ სახელით გადავიდა „შავ არწივში“. იქიდანაც მალევე წამოვიდა – ეგ და „შავი არწივის“ მეთაური, ვაკო სულაძე ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. მერე ისევ შემოიკრიბა ვიღაცები, მაგრამ სუჯაში ბრძოლის შემდეგ კიდევ რამდენიმე უკმაყოფილო მებრძოლი გამოექცა. მაშინ იქ გიორგი როინიშვილი დაიღუპა და ამის გამო იყვნენ გაბრაზებულები, ამბობდნენ, ტყუილად შეაკლა რუსებსო.

– გიორგი რუსიტაშვილი ხომ მისი მოადგილე იყო?

– დიახ, ისევე, როგორც მე.

– ვთქვათ, გიგიმ რაიმე იცოდა და ხორავამ იმიტომ მოკლა. ამ სიტუაციაში გიგისთან მყოფი ბიჭების ცოცხლად დატოვება რა ლოგიკაში ჯდება, ისინი ხომ მაინც ყველაფერს იტყოდნენ?

– მოკლედ, ასეთი ამბავი იყო. გიგის მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე, „თბილისელების“ მთლიანმა ჯგუფმა ხორავა დაიბარა, საქმე გაურჩიეს და მაგრად სცემეს, გაანულეს მისი ავტორიტეტი. ხორავა ამ ბიჭებს სამაგიეროს გადახდის მიზნით მიუვარდა. უნდა ითქვას, რომ არც გიგის და არც არავის მოკვლას არ აპირებდა, მისი მიზანი სამაგიეროს გადახდა – ცემა იყო. უბრალოდ, როდესაც ხორავა ოთახში სროლით შევარდა, გიგიმაც იარაღი იშიშვლა და ხორავამ დაასწრო. მაგას ისეთი დიდი ცოდვები აწევს, საშვილიშვილოდ ეყოფა.

– არის კიდევ რაიმე რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც ამ საქმეს გარკვეულწილად მაინც მოჰფენს ნათელს?

– ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით. იცით, ხორავა სამართალდამცველებმა სად აიყვანეს?! ბელორუსიის საზღვართან!

დასკვნები თქვენ გააკეთეთ!

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)