პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. შეწყალების შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს აქტი “ჰუმანიზმის პრინციპს“ ეფუძნება.
“პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
გავრცელებულ განცხადებაში არ წერია და საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო უპრეცედენტო შეწყალება.
შეწყალების წესი 2019 წელს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა – გაუქმდა შეწყალების კომისია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.
“ამბები” ამნისტიასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას ადვოკატ ირმა ჭკადუასთან შეეცადა:
„რამდენიმე წელია ქალბატონმა პრეზიდენტმა გააუქმა შეწყალების კომისია და ბუნებრივია, ბატონი ყაველაშვილი ასე უცებ კომისიას ვერც შეკრებდა. თუმცა მიმაჩნია, რომ კომისია არც არის საჭირო, ვინაიდან შეწყალება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი იწყალებს დამნაშავეებს – თუკი ადამიანი ახსნის გარემოებებს, რატომ მოხდა მისი იმ მდგომარეობაში ყოფნა, რაშიც ის არის, მას გააზრებული აქვს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას… ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შანსი, რომ ცხოვრება დაიწყოს თავიდან.
ყაველაშვილმა ამ აქტით ძალიან ბევრი ოჯახი გაახარა. მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვისაც. ამ შემთხვევაში მუხლები არის სხვადასხვა ტიპის, თუმცა შეწყალება ძირითადად ეხება ნარკოდანაშაულებს, ნარკომომხმარებლებს, ქურდობას… დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ შეწყალების შედეგად არანაირი დანაშაულის მატებას ადგილი არ ექნება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ambebi.ge