ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ცაცუას გადაწყვეტილებით ჟორჟოლიანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ჟორჟოლიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ელოდება.

“არაფერს არ შეცვლის ეს ჯარიმა და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ჩემში კი არა, არც ერთი მოქალაქის შემთხვევში, ვისაც უსამართლოდ აჯარიმებენ, ეს არაფერს ცვლის. ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე და ყოველდღე, ვიდრე სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ”,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 3 იანვარს იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.