პროკურორის განცხადებით, ალი ბაბევის პოლიტიკური შეხედულებები მიუღებელი იყო ალეკო ელისაშვილისთვის და სწორედ ამიტომ დაესხა თავს

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დაზარალებული პოლიტიკოსის, ალი ბაბევის პოლიტიკური შეხედულებები, ღიად გამოცხადებული პოზიციები მიუღებელი იყო ბრალდებულ ალეკო ელისაშვილისთვის და სწორედ ამიტომ, ის თავს დაესხა დაზარალებულ ალი ბაბაევს და მიაყენა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა.

ზვიად გუბელაძის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. მისივე თქმით, პოლიტიკური დევნის ნაწილში სასამართლო მტკიცებულებების საფუძველზე ალბათობის მაღალი ხარისხით ხედავს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დასაშვებად ცნო ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორი მოწმეთა ჩვენება. დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის ერთ-ერთი მტკიცებულება.

ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორი მოწმეთა ჩვენებები. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის, როგორც დაზარალებულის ჩვენება, ისე ვიდეო-ჩანაწერი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი”. განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.