ირაკლი კობახიძე – მუდმივად საუბრობენ პრობლემურ განვითარებაზე – „ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდა“, ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასდროს მართლდებოდა, ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას

მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. „ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდა“ – ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ რადიკალების პროგნოზები არასდროს მართლდებოდა. ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას, -ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებას, რომ რთული ეკონომიკური პროცესები გველის ლარის გაუფასურების ფონზე.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული განცხადების ავტორები „რეალურად რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

„ისინი ასე საუბრობენ წლებია. განსაკუთრებით 2020 წლიდან მოყოლებული საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოოდ, „ძაღლი ყეფდა ქარავანი მიდიოდა“. ხედავთ რომ ამ განცხადებების ფონზე ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წელში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით.

მაშინაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მათ შორის მხარდამჭერი ბიზნესმენები მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ რადიკალების პროგნოზები არასდროს მართლდებოდა. ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას“,- აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის, ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

„ამით ადასტურებენ, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა. როცა ხელს აწერ პეტიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ადასტურებ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს სააკაშვილის პარტია, გვარამიას პარტია, ხაზარაძის, გახარიას პარტია. ბიზნესის რეკეტი – ეს უნდათ ამ ადამიანებს სინამდვილეში, არავითარი ევროპა და რუსეთი არ არის დღის წესრიგი. ამ ადამიანებს სურთ ხელისუფლებაში დააბრუნონ ის ძალები, რომლებიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდნენ.

ყველას აზრი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენების, თუ ეს ეხება ბიზნესს. თუ ეხება ბიზნესს მათი აზრი, გავითვალისწინებთ, თუ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და „ნაცების“ დაბრუნებას, რეკეტის დაბრუნებას, ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ ვართ ყველას მთავრობა“,- აღნიშნა პრემიერმა.