“გადამწყვეტი გაზაფხულის” მოლოდინში

ქვეყანაში უწყვეტი პროტესტია და აქციები პერიოდულად კვლავ ანონსდება. ბოლო წლებში, გაზაფხული პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიურია და ანალიტიკოსები წელსაც არ გამორიცხავენ, რომ გარდამტეხი აღმოჩნდეს უახლოესი თვეები, ამას ემატება ისიც, რომ გლობალური კუთხით დიდი ცვლილებების მოლოდინია, საქართველო კი ექსპერტების თქმით, გლობალური პოლიტიკის აქტიური ნაწილი გახდა.

2024 წლის მიწურული და 2025 წლის დასაწყისი პოლიტიკურად განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა, შიდა თუ გარე კუთხით.

რაც შეეხება 2023 წელს, აქციებმა სტარტი მარტის პირველი რიცხვებიდან აიღო, 8-9 მარტს კი პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართა, მაშინ მოქალაქეები “აგენტების კანონის” უკან გაწვევას ითხოვდნენ, რომელიც “ხალხის ძალამ” ამავე წლის თებერვლის ბოლოს პარლამენტში დააინიცირა. საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო კი, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე პირველი მოსმენით მიღებული კანონი 10 მარტის სხდომაზე ჩააგდო.

2024 წელს პროტესტის თვალსაზრისით აქტიური აპირილი-მაისი იყო, მმართველმა პარტიამ “აგენტების კანონი” ხელმეორედ ამა წლის 3 აპრილს დააინიცირა, რასაც პროტესტი მოჰყვა, პარლამენტმა 17 აპრილს კანონი პირველი მოსმენით მიიღო, 11 მაისს კი პროტესტი განსაკუთრებით მასშტაბური იყო ევროპის მოედანზე.

პროტესტი, რომელიც 2025 წელსაც არ გაჩერებულა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემრის განცხადებას მოჰყვა, აქციები 56 დღეა მიმდინარეობს და როგორც პროტესტანტები აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ.

“შესაძლოა გაზაფხული გადამწყვეტი აღმოჩნდეს…”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მისი პროგნიზით, ქვეყნის შიგნით აქციები გაგრძელდება და ამ მხრივ გაზაფხული შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ხოლო საგარეო თვალსაზრისით ზეწოლა გაძლიერდება მმართველ პარტიაზე.

“ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით საპროტესტო აქციები, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან დღევანდელ “ხელისუფლებაზე” ზეწოლა გაგრძელდება, რომელიც განაპირობებს იმას, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში “ოცნება” იძულებული გახდება დათმოს პოზიციები, რადგან ხედავს, რომ ის უკვე ქვეყანას ვეღარ მართავს და სახელისუფლო რგოლების წარმომადგენლები ქუჩაში თავისუფლად უკვე ვეღარ გადაადგილდებიან.

“ამასთან, დამატებითი საქციებიც მოსალოდნელია. ევროპარლამენტშიც განიხილეს საქართველოს საკითხი, ასევე ბრიტანეთის თემთა პალატა სანქციების საკითხს უკვე თებერვალში განიხილავს. ბიძინა ივანიშვილი უკვე აფორმებს მის კუთვნილებაში არსებულ კომპანიებს თავისი ოჯახის წევრების სახელზე. ეს ნიშნავს, რომ სანქციების შიში აქვს, თუმცა აშშ-მაც მიანიშნა, რომ მას გააჩნია ბერკეტები, რომ ოჯახის წევრებზეც აამოქმედოს სანქციები, ამიტომაც ჯერ შანსს უტოვებს, რომ დათმობაზე წავიდეს.

“შესაძლოა, ეს გაზაფხულის პერიოდი გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან თუ დასავლეთმა სანქციები გააძლიერა და ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ განსაკუთრებით გააქტიურდა საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე გამოცდილებიდან ვიცით, რომ აქციებზე გაზაფხულით უფრო ბევრი ადამიანი გამოდის, შიდა და გარე პროცესები ერთდროულად მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს.

“ქართულ ოცნებას” ტრამპის ადმინისტრაციის იმედი არ აქვს და განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და ვფიქრობ, რომ ტრამპი “ოცნების” მიმართ კრიტიკული იქნება”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”.

“ბევრი თეთრი ლაქა ტრამპი-სი ძინპინის შეხვედრის მერე შეივსება”

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველო ბოლო წლებში მსოფლიო პოლიტიკის აქტიური ნაწილი გახდა, ტრამპის მოსვლა კი გლობალურ პოლიტიკაში ახალი ფურცელია, “ამ ახალ ფურცელზე კი რა წერია, კაცმა არ იცის”.

“დღეს პოლიტიკური სიახლეები არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელს მსოფლიოს აქვს. ჩვენც მსოფლიოს აქტიური ნაწილი გავხდით, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო მოვლენები გვეხება. ძნელია სამომავლო აქტიურობაზე პროგნოზის გაკეთება, რადგან ტრამპის მოსვლა უდაოდ ახალი ფურცელია, ოღონდ ამ ახალ ფურცელზე რა წერია, კაცმა არ იცის და შესაბამისად, რა მიმართულებით მოხდება ცვლილებები, ეგეც ძნელი სათქმელია.

“ალბათ ბევრი თეთრი ლაქა მას მერე შეივსება, რაც ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მათ სტრატეგიულ შეთანხმებას ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა და ეს ავად თუ კარგად ჩვენზე მოქმედებს. თუკი მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ტრამპის საინაუგურაციო სიტყვაში ჩინეთის ხსენებაზე რაღაც გაღიზიანებულმა ტონმა გაიჟღერა, მაშინ დაძაბული მდგომარეობა გვექნება, მაგრამ მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

“ტრამპისგან, ჩვენი ხელისუფლების მისამართით ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება, სანქციების გაუქმების შემთხვევაშიც (ტრამპმა თქვა ბოლო ბრძანებებს გავაუქმებო), ეს გაუქმებაც იმოქმედებს შიდა კლიმატზე. თუმცაღა, თუკი განცხადებებიც გაკეთდა იმაზე თუ საქართველო ევროპული კურსით მიდის და არ გადაუხვევია, ეს უფრო საყურადღებო იქნება.

“თუ იმ პრონციპებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება იზიარებს, ევროპულიდან გადახვევად შევაფასებთ, მაშინ გამოვა, რომ ტრამპიც დასავლური კურსიდან უხვევს. ჩვენი ოპოზიცია გაჰკიოდა, რომ ორბანიც პუტინის კაცია და ტრამპიცო, მაგრამ ეს გარკვეული კამოანიის ნაწილი იყო, თუკი იქითაც გატარდა ის ხაზი, რომ კონსერვატიზმი ევროპისთვის ისეთივე მოვლენაა, როგორც ლიბერალიზმი და კონსერვატისმის დაცვა ისევე ნიშნავს ევროპული ღირებულებების დაცვას, როგორც ლიბერალიზმი, მერე ალბათ ქართული ოპოზიციონერების მხრიდან მსოფლიო ლიდერების ასეთი ბულინგი ნაკლებად იქნება”,- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, თუ ტრამპის პოზიცია ქართული ოპოზიციის პოზიციებს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შიდა პროცესებს რა განვითარება მოჰყვება, საყვარელიძემ გვითხრა:

“არ მგონია დიდად შეიცვალოს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც ბაიდენის ხაზი გაგრძელდა. ვნახეთ, რომ ბაიდენის ხაზმაც ვერ მოახდინა გარდატეხა და ბაიდენის ხაზის ტრამპისეული ვერსია თუ გაჩნდა, ეგ კიდევ უფრო სუსტი იქნება და მეეჭვება გარდამტეხი იყოს, რადგან ოპოზიციური ფლანგისთვის ხელისშემშლელი სხვა რამეც არის, გარდა საგარეო ფაქტორებისა, არ აქვს ოპოზიციას და განსაკუთრებით “ნაციონალურ” ბირთვს ის ავტორიტეტი და ნდობა, რომელიც ადამიანებს მათკენ გაახედებს.

“ამიტომაც ეს პროპორცია, რომ ხელისუფლებას 50-ზე მეტი პროცენტი ერგება, სულ დარჩება, რადგან შიდა პოლიტიკაში იგივე სულისკვეთებაა, რაც 2012 წელს იყო”,- განაცხადა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ როგორი იქნება საქართველოში პოლიტიკური გაზაფხული დამოკიდებულია, როგორც შიდა პოლიტიკურ განწყობაზე, ისე საგარეო ფაქტორზე.

“როგორც ყოველთვის ჩვენთან ყველაფერი სინთეზში და კავშირშია, საბედნიეროდ არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, როგორც მაგალითად უკრაინას. უკრაინაში ვითარება მთლიანად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ჩვენთან, როგორც მშვიდობის რეჟიმში მყოფი ქვეყანაში, მართლაც ყველაფერი ერთმანეთთან პოლიტიკურად შერწყმულია”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსთან”.