აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 27 იანვარს სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ვაჭრობა და ინდოეთის პრემიერის ვაშინგტონში პოტენციური სახელმწიფო ვიზიტი განიხილეს.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა „სამართლიანი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისკენ გადასვლის“ მნიშვნელობას, ასევე, ინდოეთის მიერ ამერიკული წარმოების უსაფრთხოების აღჭურვილობის შესყიდვის მნიშვნელობას.
ორმა ლიდერმა ასევე განიხილა მოდის თეთრ სახლში ვიზიტის გეგმები.
„მოხარული ვარ, რომ ვისაუბრე ჩემს ძვირფას მეგობარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მას მივულოცე ისტორიული მეორე ვადით არჩევა. ჩვენ ურთიერთსასარგებლო და სანდო პარტნიორობის ერთგული ვართ. ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის და გლობალური მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, – დაწერა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.