რომან გოცირიძე – საკმარისია, სანქციების კუთხით ივანიშვილის შვილზე, უტაზე, რომელზეც ყველაფერია მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და მისი საქმე დამთავრებულია, ამიტომ ივანიშვილს უმძიმესი დღეები მოელის

ეს არის ცესკო-ს მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ – შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები – ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიმხვდარა, რა უბედურება ტრიალებს მის თავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.

რომან გოცირიძე - საკმარისია, სანქციების კუთხით ივანიშვილის შვილზე, უტაზე, რომელზეც ყველაფერია მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და მისი საქმე დამთავრებულია, ამიტომ ივანიშვილს უმძიმესი დღეები მოელის

გოცირიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები „აბსურდულია“.

„ფაქტობრივად, ეს არის ამ უწყების მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ. შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები. ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ერთ რამეს, რომ ვერ მიმხვდარა ბიძინა ივანიშვილი, რა უბედურება ტრიალებს მის თავს. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გაყალბებისათვის ემზადებიან, კვლავ აქვთ იმის იმედი, რომ ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენონ; ამ გამკაცრებული კანონით მაქსიმალურად შეეცადონ ამომრჩევლებზე მანიპულაციას, მოსყიდვას და ზემოქმედებას. თუ ასე გააგრძელა ივანიშვილმა, ორი არჩევანია: ან არჩევნებით კატასტროფული წაგება ან ივანიშვილის ისე დასანქცირება, რომ ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. იმიტომ, რომ დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აქვს სანქციები. მხოლოდ ფიზიკურ პირს აქვს სანქცია და ეს მცირე დისკომფორტს უქმნის. საკმარისია, ოჯახის ერთ წევრზე, მაგალითად, უტაზე, რომელიც „ქართუ ფონდის“ დამფუძნებელია და ყველაფერი მასზეა მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და დამთავრებულია. ამიტომ, უმძიმესი დღეები მოელის მას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამ თემისა, გოცირიძემ ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის სამუშაო დოკუმენტზე და აღნიშნა, რომ „ეს უმძიმესი დასკვნაა“. მისივე თქმით, „დასავლეთში ყველამ დაინახა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“.

„ეს ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს, ფაქტია. ვინაიდან, ორი თვე კი არა, ორი წელია და უფრო მეტიც, ამას მოითხოვს როგორც ქართველი ხალხი, ისე საერთაშორისო პარტნიორები და ძალიან საეჭვოა, რომ ორ თვეში ეს რეკომენდაციები შეასრულონ. შედეგი ერთი და იმავე იქნება. წარმოუდგენელი რამაა, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, ფაქტობრივად, რჩება ევროსაბჭოში ხმის უფლების გარეშე.

[არჩევნების შესახებ ჩანაწერი] მთავარი ჩანაწერია. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ჩვენი ხალხის მონდომებით ეს აქციები, რაც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, ფუჭად არ ჩავლილა. რომ არა ეს აქციები, არ იქნებოდა არც ეს რეზოლუცია და არც ის პროცესები, რაც ევროკავშირში და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ხდება, არც ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა დღეს დასანქცირებული. ძალიან ბევრი რამ, რაც ასე სწრაფად მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ამ ხელისუფლების დემონტაჟისკენ არის მიმართული და რეალურად, ქვეყნის გადარჩენის გზას ნიშნავს, რომ არა ჩვენი ხალხის აქტიურობა, ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა არ გვექნებოდა. ყველამ დაინახა დასავლეთში, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ეს ხელისუფლება არის რუსული, რომ ქვეყანას ღუპავენ. ამასთან ის, რომ მათი ინტერესი არის პირადი ძალაუფლების შენარჩუნება, გამომდინარე ფინანსური და სხვა სიკეთეებით. ქვეყანა გაწირეს და რუსეთთან მეგობრობასაც არ უფრთხიან და არ ერიდებიან საკუთარი მიზნების მისაღწევად. ეს განსაკუთრებით ივანიშვილს ეხება. მისთვის სულ ერთია, იქნება რუსეთის მეგობარი თუ არა; იქნება უკრაინის მეგობარი თუ არ იქნება. ივანიშვილი უკრაინის, დასავლეთის და ამერიკის მტერია. რეალურად, ის ფიქრობს საკუთარ ფულზე. ფული და ძალაუფლება იმისთვის სჭირდება, რომ იყოს დაუსჯელი და თავისი სიმდიდრე გაამრავლოს.

რომელი ვერსიის კენჭისყრაც არ უნდა მოხდეს, „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი იცვლება. რა უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“?! არჩევნების მოთხოვნა უკვე ჩაიწერა ამ დოკუმენტში, ეს არის მთავარი მაგისტრალური ხედვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილმა წევრმა აღნიშნა, რომ ვისაც უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა „შეუსვლელები და ხელჩამოურთმევლები არიან“.

„აქ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული სამი ათასზე მეტი ადამიანი, უკვე შეუსვლელები და ხელჩამოურთმევლები არიან. საქართველოს ხელისუფლების სრული პოლიტიკური იზოლაციაა უკვე. ამას უკვე მოჰყვება ეკონომიკური იზოლაცია და მის პირობებში, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნება“,- აღნიშნა გოცირიძემ.