რუსეთის სახელმწიფო დუმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გამკაცრებას გეგმავს

რუსეთის სახელმწიფო დუმა კვლავ აპირებს კანონმდებლობის გამკაცრებას, რომელიც „უცხოური აგენტების“ საქმიანობას ეხება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმა

კანონპროექტები წარმოადგინეს „რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების გამოძიების კომისიის“ სხდომაზე.

ახალი კანონპროექტები „უცხოური აგენტების“ შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შეუსრულებლობისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. ახლა მაქსიმალური ჯარიმა 1000 რუსულ რუბლს (10 აშშ დოლარი) შეადგენს, ხოლო იგეგმება მისი გაზრდა 50 000 რუბლამდე (516 აშშ დოლარი).

გარდა ამისა, „აგენტებს“ სრულად უნდა აეკრძალოთ ლექციების, სემინარების, მასტერ-კლასების, მრგვალი მაგიდების და დისკუსიების ჩატარება. ახლა „უცხოურ აგენტებს“ პედაგოგიური საქმიანობა სახელმწიფო სკოლებსა და სასწავლებლებში ეკრძალებათ. ასევე იგეგმება ნორმის შემოღება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრება „აგენტებზე“ დაუსწრებლად მოხდება, თუ ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან.

როგორც რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევმა განაცხადა, კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია, რადგანაც არსებული ჯარიმები „სამართალდარღვევისგან არ იცავს“.