პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში] იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას, – განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.
„დღეს საღამოს კვლავ უნდა შევიკრიბოთ ამ კამერების წინაშე და თუ ეს დათქმები შეიცვალა, შემცირდა, დამატებით ახალი დათქმა აღარ გაჩნდა, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რომელი დათქმა რას გულისხმობს, რა არის მისაღები და რა – არა. მე ვფიქრობ, წინასწარ ამაზე მსჯელობა არავის ინტერესში არ არის, მოვიცადოთ დღეს საღამომდე. დღეს, ამ წუთში, რა მომენტშიც ჩვენ ვსაუბრობთ და თბილისს ველაპარაკებით სტრასბურგიდან, უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას. მიმდინარეობს კვლავ მსჯელობა და, ხშირ შემთხვევაში, დახურულ კარს მიღმა, რაც 15 წუთიც წინაც იყო დათქმების შემცირებაზე, ან მოხსნაზე.
ლიმიტირებული უფლებამოსილებები, რომ კი ხართ უფლებამოსილი და ლეგიტიმური წევრები, მაგრამ ვერ იქნებით ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ანდა კომიტეტის ხელმძღვანელი, ან სადღაც მომხსენებელი, ეს პრაქტიკაში ჩვენთვის დიდს არაფერს ნიშნავს, ვერ დაგიმალავთ, რომ ჩვენთვის არანაირი წუხილის საფუძველი არ არის, ვინაიდან იანვრიდან აპრილამდე ჩვენი დელეგაციის წევრები არც კი ვგეგმავდით რომელიმე თანამდებობაზე პრეტენზიის გაცხადებას, ან რომელიმე მონიტორინგში მონაწილეობას, რადგან სახლში ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს. მეც ახალი ხელმძღვანელი ვარ დელეგაციის, ჩემს დელეგაციაში არაერთი ახალი წევრი მყავს „ქართული ოცნების“ პარტიიდან, ოპოზიციის ადგილები ვაკანტურია და, იმედია, თებერვალში შეივსება, თუ რომელიმე პარტია მოეგება გონს და შესაბამისად, ჩვენ არც ვგეგმავდით ამ უფლებების გამოყენებას. ამიტომ ეს ეწერება თუ არა, ამაზე მსჯელობაზე ენერგიას არ ვხარჯავთ. სინამდვილეში სხვა დათქმებია პრობლემატური და განსაკუთრებით ის არის წითელი ხაზი, რომ წერია ახალი არჩევნები“, – აცხადებს წულუკიანი.